საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: გერმანულ მოდელზე პოზიციები ნათელია, მნიშვნელოვანია საუბარი სხვა შესაძლებლობებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით პოზიციები ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საუბარი სხვა შესაძლებლობებზე. არჩილ თალაკვაძე ამბობობს, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციას საარჩევნო კანონმდებლობაზე ელაპარაკოს.

ასე უპასუხა თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ეუთოს რეკომენდაციას, მზადაა თუ არა ქართული ოცნება საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის.

"ჩვენ დავიწყეთ საუბარი. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს და ეს რეალურად, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე. ეს სხვა შესაძლებლობები ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებისას უფრო კონკურენტული, უფრო გამჭვირვალე და უფრო თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან", - ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, აქციებით ქვეყანა კონკრეტულ შედეგს ვერ მიიღებს და შედეგი იქნება მაშინ, როცა გაგრძელდება საუბარი.

"ოპოზიციის ამ ნაწილს, ჩვენ მზად ვართ და ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ და ჩათვლიან საჭიროდ, რომ გააგრძელონ თავისი აქციები. აქციებით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით რაც ხდება, მე არ ვფიქრობ, რომ ამით რამე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია", - თქვა თალაკვაძემ.

კომენტარები