პროპორციული საარჩევნო სისტემა

ზოიძე პროპორციულზე: თავისუფალი კენჭისყრა რომ გამოცხადდა, უკვე ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა

მეორე არხი

"კენჭისყრამდე სამი დღე ძალიან დიდი შოკი იყო" - ასე ეხმაურება ქართული ოცნებიდან გასული ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრის წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს. 

აკაკი ზოიძე, რომელმაც ქართული ოცნება, პარლამენტი და პოლიტიკა სწორედ ამ კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა, არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა ქართული ოცნების მიერ კენჭისყრის ჩაგდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ამბობს, რომ პოლიტიკა იმიტომ დატოვა, რომ არ სურს ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემა, რაშიც 100%-ით არ არის დარწმუნებული. 

ზოიძის თქმით, როდესაც ქართულმა ოცნებამ თავისუფალი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტა, მას უკვე ძალიან ნათელი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა. 

"თუმცა, აი, ბოლო მომენტამდე რაღაც მცირე იმედი რჩებოდა, რომ კოლეგებმა შეიძლება, გადაიფიქრონ. სიტყვითაც გამოვედი და ვთხოვე კოლეგებს, თვალებში ჩახედვით, რომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება,"- ამბობს ზოიძე ტვ პირველის ეთერში. 

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ გუნდმა თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობდა. შეკითხვაზე, ახლა არსებობს, თუ არა უმრავლესობის დაშლის შანსი, ზოიძე პასუხობს, რომ ქართული ოცნების გუნდმა დიდი ზიანი მიიღო. ყოფილი დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ ყოყმანობდა, დაეტოვებინა, თუ არა გუნდი. 

"თუნდაც შევთავაზე კიდევ ერთი ნაბიჯი, პლებისციტთან დაკავშირებით. იმაზე საუბარი, რომ ეს სისტემა უფრო სამართლიანია, თუ ის, ასეთი რამ არ არსებობს. საარჩევნო სისტემები თავის პლუს-მინუსი აქვს თითოეულს. ამ სიტუაციაში იყო გამოსავალი 2020 წლიდანვე - ეს იყო პოლარიზაციის შემცირება, ეს იყო საზოგადოების თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი,"- ამბობს აკაკი ზოიძე. 

ზოიძე ქართული ოცნების მე-13 დეპუტატი იყო, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო უმრავლესობის გუნდი დატოვა. თუმცა, მის მსგავსად, პარლამენტი მხოლოდ სოფიო ქაცარავამ დატოვა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლით ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა, რასაც ანტისამთავრობო აქციების განახლება და სრულად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოჰყვა, პრინციპით - ყველა მინუს ივანიშვილი. 

კომენტარები