NATO - რუსეთი

პუტინი: NATO-ს გაფართოება და ჩვენ საზღვრებთან მისი სიახლოვე რუსეთისთვის საფრთხეა

0 კომენტარი
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საზღვაო ძალებთან შეხვედრისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 70 წლის იუბილეს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სიახლოვე რუსეთის უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს:

"დღეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ NATO-ს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან ახლოს მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთერთი პოტენციური საფრთხეა".

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზად იყო NATO-სთან თანამშრომლობისთვის ისეთ "რეალურ საფრთხეებზე", როგორიც იყო საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელება და შეიარაღებული კონფლიქტები.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა ალიანსისკენ არაერთხელ გადადგა ნაბიჯები, რაც მისი თქმით, კონსტრუქციული დღის წესრიგის შეთავაზების მცდელობასა და რამდენიმე ერთობლივი ღონისძიების გამართვაშიც აისახა - "მაგრამ, 2008 წლის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყდა, რადგან ალიანსი რუსეთის მიმართ არასწორად, თუ არა უხეშად, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოქმედება".

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სსრკ-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა - "ახლა, როგორც იცით, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, არ არსებობს ვარშავის პაქტი, ანუ სამხედრო პაქტი, რომელიც NATO-ს შექმნის საპასუხოდ შეიქმნა, მაგრამ NATO არამხოლოდ აგრძელებს არსებობას, არამედ ვითარდება".

მან აღნიშნა, რომ ალიანსის შექმნის დროს ნასში 12 ქვეყანა იყო გაწევრიანებული, ახლა კი ეს რიცხვი უკვე 29 გახდა, ალიანსის ქვეყნების ჯამური სამხედრო ხარჯები კი გლობალური სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი იყო.

მისი თქმით, გასული წლების აზროვნების სტერეოტიპები ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად და მისაღებად კარგი ინსტრუმენტი ვერ იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ალიანსის მტერი არ იყო და NATO ისეთ საერთო საფრთხეზე უნდა ფოკუსირებულიყო, როგორიც, მაგალითად, ტერორიზმია. "რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია," - დასძინა მან.

აგვისტოში მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არაა - "ევროპული კონტინენტი არასდროს იქნება სტაბილური, არასდროს იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენ არ დავალაგებთ და გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობებს რუსეთთან. ეს, რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ არის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არაა... დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება".

მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია", რასაც არაერთი დასავლელი ლიდერი არ დაეთანხმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ეს სიტყვები ძალიან ბინძური და უპატივცემულო იყო.

ალიანსის მიმდინარე სამიტზე განიხილავენ ე.წ. ბალტიის გეგმას, რაზეც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მისი მხარდაჭერა დააფიქსირა - "პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების ყოფნით რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით: თუ ამ ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, მთელი ალიანსი გასცემს პასუხს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები