NATO - რუსეთი

პუტინი NATO-ზე: 2008 წლის შემდეგ თანამშრომლობა შეწყდა, NATO ჩვენ მიმართ არასწორად მოქმედებდა

ვლადიმერ პუტინი
Vanity Fair

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი NATO-ს შექმნის 70 წლის იუბილეს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანს შორის კავშირი 2008 წელს შეწყდა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად იყო NATO-სთან თანამშრომლობისთვის ისეთ "რეალურ საფრთხეებზე", როგორიც იყო საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელება და შეიარაღებული კონფლიქტები - "ჩვენ ალიანსისკენ არაერთხელ გადავდგით ნაბიჯები, კონსტრუქციული დღის წესრიგის შეთავაზება ვცადეთ და რამდენიმე ერთობლივი ღონისძიებაც ჩატარდა, მაგრამ, 2008 წლის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყდა, რადგან ალიანსი რუსეთის მიმართ არასწორად, თუ არა უხეშად, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოქმედება".

თავის სიტყვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სიახლოვე, მისი გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისთვის ერთერთი პოტენციური საფრთხე იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სსრკ-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა - "ახლა, როგორც იცით, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, არ არსებობს ვარშავის პაქტი, ანუ სამხედრო პაქტი, რომელიც NATO-ს შექმნის საპასუხოდ შეიქმნა, მაგრამ NATO არამხოლოდ აგრძელებს არსებობას, არამედ ვითარდება".

მან აღნიშნა, რომ ალიანსის შექმნის დროს ნასში 12 ქვეყანა იყო გაწევრიანებული, ახლა კი ეს რიცხვი უკვე 29 გახდა, ალიანსის ქვეყნების ჯამური სამხედრო ხარჯები კი გლობალური სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი იყო.

მისი თქმით, გასული წლების აზროვნების სტერეოტიპები ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად და მისაღებად კარგი ინსტრუმენტი ვერ იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ 2008 წელს საქართველოში რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის მოსახლეობის 81% აგვისტოს ომში, რუსეთის ქმედებებს დადებითად აფასებს.

კომენტარები