alde

ALDE-ს პრეზიდენტი: ქართულ ოცნებას მოვუწოდებ, შეასრულოს დაპირება საარჩევნო სისტემაზე

0 კომენტარი
ჰანს ვან ბაალენი ფოტო: volkskrant.nl

ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თავის Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა:

"მე მხარს ვუჭერ საქართველოში მომიტინგეების მოთხოვნებს მათი ქვეყნის მეტად დემოკრატიული, წარმატებული და პროდასავლური მომავლისთვის. ქართულ ოცნებას მოვუწოდებ, ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეასრულოს დაპირება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე".

რამდენიმე დღის წინ ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირეს და მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისაკენ მოუწოდეს.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი და მათი ვიცე პრეზიდენტი, ევროპის პარლამენტის წევრი კატი პირი გამოეხმაურნენ და საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხისათვის მიცემული პირობის შესრულებისკენ მოუწოდეს.

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის მიუხედავად, მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ შესწორებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რასაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ქართულ რეალობაზე მორგებულ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელს სთავაზობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები