მილან კუნდერა

40 წლის შემდეგ მილან კუნდერას ჩეხეთის მოქალაქეობა აღუდგინეს

0 კომენტარი
ფოტო: ikub.ai

40 წლის შემდეგ მილან კუნდერას ჩეხეთის მოქალაქეობა აღუდგინეს

"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის" ავტორი 1975 წლიდან, მას შემდეგ, რაც სამშობლოდან კომუნისტურმა რეჟიმმა განდევნა, საფრანგეთში ცხოვრობდა.

პეტრ დრულაკმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში, მედიას უთხრა, რომ ის 90 წლის ავტორს პარიზის ბინაში გასულ ხუთშაბათს მოინახულა და მოქალაქეობის სერტიფიკატი გადასცა.

"ყველაზე დიდებული ჩეხი ავტორისთვის მოქალაქეობის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური ჟესტია. ძალიან მარტივი, მაგრამ ადამიანური სითბოს გამოვლინება. ის კარგ განწყობაზე იყო, დოკუმენტი აიღო და მადლობა გადამიხადა", - თქვა დრულაკმა.

კუნდერა, რომლის ლიტერატურაც საერთაშორისოდ არის აღიარებული, ჩეხოსლოვაკური პარტიიდან "ანტი-კომუნისტური ქმედებების" გამო გააძევეს. ის კომუნისტი ჩინოვნიკების ყველაზე საძულველი პიროვნებაა გახდა. ამის გამო ის იძულებული გახდა, 1975 წელს ჩეხეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყო. 1979 წელს მას ჩეხეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, 2 წელიწადში კი საფრანგეთის მოქალაქე გახდა.

კუნდერას ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" და "სიცილი და დავიწყება" სამშობლოში 1980 წლიდან აკრძალეს. 1988 წელს მან დაწერა ნოველა "უკვდავება", რომელიც კუნდერას მიერ ჩეხურ ენაზე დაწერილი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა. მას შემდეგ მან 4 რომანი დაწერა, ოთხივე ფრანგულ ენაზე. კუნდერას ბოლო ნამუშევარი 2014 წელს შექმნილი "უმნიშვნელობის კანონია".

კუდნერასთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი ჩეხეთში წლებია განიხიება. 2018 წლის ნოემბერში პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბისმა განაცხადა, რომ მან ავტორს და მის ცოლს, პარიზში მის საყვარელ რესტორანში 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ მოქალაქეობის აღდგენა შესთავაზა.

"ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო", - თქვა მაშინ ბაბუსმა. მანვე განაცხადა, რომ კუნდერა ჩეხეთში მიიწვია, მაგრამ ნოველისტის პასუხი მიკიბულ-მოკიბული იყო.

მწერალი სამშობლოში გადასახლებიდან პირველად 1996 წელს ჩავიდა. მას შემდეგ ის ჩეხეთს არაერთხელ სტუმრობდა, თუმცა, ინკოგნიტოდ.

ნიუ იორკ თაიმსთან 1984 წლის ინტერვიუში მწერალმა თქვა, რომ სახლის იდეაა მისთვის "რაღაც ძალიან ბუნდოვანი" იყო.

2008 წელს კუნდერა ჩეხეთის ლიტერატურის ეროვნული პრიზით დააჯილდოვეს. 2009 წელს მას ბრნოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, იმ ქალაქის, რომელშიც ის დაიბადა 1929 წელს. თუმცა, კუნდერა მაინც საფრანგეთში დარჩა.

იმავე წელს კუნდერამ უარი თქვა დასწრებოდა კონფერენციას, რომელიც ბრნოში ჩატარდა და მის შემოქმედებას ეხებოდა. ორგანიზატორებს მწერალმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც "ნეკროფილური პარტიის" გამო შექმნილ გარემოებებზე ხუმრობდა.

წერილში, რომელიც ღონისძიების გახსნაზე წაიკითხეს, კუნდერა თავის თავს ფრანგ მწერლად მოიხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ მისი წიგნებიც ფრანგულ ლიტერატურას უნდა მიეკუთვნოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები