ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ფატუ ბენსუდა: შესაძლოა, 2008 წლის ომის საქმეზე კონკრეტული შედეგები 2020 წლის ბოლოს დადგეს

იუსტიციის სამინისტრო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თეა წულუკიანთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე კონკრეტული შედეგები 2020 წლის ბოლოსთვის დადგეს, მანამ, სანამ ბენსუდას პროკურორის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ICC-ის პროკურორს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე წულუკიანმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეთა პალატამ, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამოძიების გასაგრძელებლად გონივრული საფუძველი არსებობს.

კომენტარები