სასკოლო განათლება

PISA: საქართველო საშუალო დონეს სამივე კომპონენტში ჩამორჩება

iStockphoto

მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბოლოდან მე-7 ადგილზეა. 76 ქვეყნიდან ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, მაგალითად: ყაზახეთს, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს. 

PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამაა, რომელიც 15 წლის სკოლის მოსწავლეების უნარებს "რეალური ცხოვრებისეული გამოწვევების გასამკლავებლად" სამი მიმართულებით აფასებს: წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და მეცნიერება. საშუალო მაჩვენებელს საქართველო სამივე კომპონენტში მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

პროგრამა პირველად 2000 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, სამ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას. 

ბოლო დოკუმენტში ქართველი მოსწავლეების შეფასების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიებაც შეიძლება. 

წაკითხულის გააზრება:

"წაკითხულის გააზრებაში ქართველ მოსწავლეთა 36%-მა მიაღწია მე-2 დონეს"- ვკითხულობთ ტექსტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 36%-ს შეუძლია "საშუალო მოცულობის ტექსტში იპოვოს მთავარი იდეა, მოიძიოს ინფორმაცია საკმაოდ ცხადი, თუმცა ზოგჯერ კომპლექსური კრიტერიუმის მიხედვით. შეუძლია იმსჯელოს ტექსტის მიზანსა თუ ფორმაზე..." აღსანიშნავია, რომ OECD-ის საშუალო ზღვარი საქართველოს მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მაღალი-77%-ია. 

დოკუმენტში წერია, რომ ქართველ მოსწავლეთა ძალიან მცირე ნაწილმა (9%) მოახერხა უმაღლესი შეფასების მიღება (მე-5, მე-6 დონე) წაკითხულის გააზრებაში, სადაც მოეთხოვებოდათ "ვრცელი ტექსტების აბსტრაქტულსა და სადავო იდეებთან გამკლავება, ფაქტისა და შეფასების ერთმანეთისგან გამიჯვნა.  

მათემატიკა:

მათემატიკაში მე-2 დონეზე მოსწავლეთა 39% აღმოჩნდა. "მათ შეუძლიათ მათემატიკურად რეპრეზენტირებული მარტივი პრობლემის ცნობა და ინტერპრეტაცია, მაგალითად, ორი ალტერნატიული მარშრუტის მანძილების შედარება ან ფასების ორ სხვადასხვა ვალუტაში გამოთვლა." 

საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტშიც 76%-ია. მე-2 დონის გადალახვა, მაგალითად, ჩინეთში 98%-მა შეძლო, ხოლო ზამბიაში- მხოლოდ 2%-მა.

რაც შეეხება უმაღლეს შეფასებას მათემატიკაში (მე-5, მე-6 დონე), ეს მხოლოდ ქართველ მოსწალეთა 1%-მა მიიღო. აქ საშუალო ზღვარი 11%-ია. 

მეცნიერება:

ამ მიმართულებით მე-2 დონეზე მოსწავლეთა 36%- იმყოფება, მაშინ, როცა საშუალო მაჩვენებელია 78%. აღწერის მიხედვით, ამ მოსწავლეებს შეუძლიათ მარტივი მეცნიერული ფენომენის სწორი ახსნის ამოცნობა და მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმის განსაზღვრა, სწორია თუ არა მოცემული დასკვნა. 

"მეცნიერული უნარების უმაღლესი მაჩვენებელი მოსწავლეთა უმნიშვნელო პროცენტულ ნაწილში გამოვლინდა." საშუალო დონე 7%-ია. 

პროგრამის აღწერაში წერია, რომ PISA-ს მონაცემები სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმონ და განახორციელონ განათლების პოლიტიკა. 

კომენტარები