აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

სენატორი კამალა ჰარისი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა

კამალა ჰარისი

კალიფორნიის დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშება.

"ჩემს მხარდამჭერებს მწუხარებით და ამავდროულად დიდი მადლიერებით ვაცნობებ, რომ კამპანიას ვწყვეტ, თუმცა ბრძოლას გავაგრძელებ. ყოველ დღე ვიბრძოლებს იმისათვის, რასაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანია მოიცავდა: ხალხისათვის სამართლიანობისთვის.

CNN-ის წყაროების მიხედვით კამპანიის შეწყვეტის მიზეზი დაბალი რეიტინგი და ფინანსური პრობლემები გახდა. ფინანსურ პრობლემებზე თავად ჰარისმაც ისაუბრა:

"ჩემს კამპანიას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები, რაც ბრძოლის გასაგრძელებლად გვჭირდება. მე მილიარდერი არ ვარ. საკუთარ კამპანიას თავად ვერ დავაფინანსებ. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ საჭირო რესურსების მოძიება სულ უფრო და უფრო რთულია." თქვა მან.

ჰარისი ამბობს, რომ კამპანიის დასრულების მიუხედავად სხვადასხვა შტატებს ეწვევა და მხარდამჭერებს მადლობას პირადად გადაუხდის.

ჰარისის კანდიდატური მოხსნას დონალდ ტრამპი ტვიტერზე გამოეხმაურა: "ძალიან ცუდია. მოგვენატრები, კამალა!" დაწერა მან.

კამალა ჰარისმა კი ტრამპს უპასუხა: "ნუ იდარდებთ, ბატონო პრეზიდენტო, სასამართლო პროცესზე გნახავთ!" მან პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიება იგულისხმა.

ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაციისათვის მებრძოლ კანდიდატებს შორის კვლავ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობენ. გასულ კვირას კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო მილიარდერი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგიც. ბლუმბერგმა გადაწყვეტილების მიზეზად მისი შეხედულება დაასახელა, რომ ამჟამად წამოყენებული კანდიდატებიდან დონალდ ტრამპის დამარცხებას, მისი აზრით, ვერავინ შეძლებს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ უორენის ან სანდერსის, რომლებიც მემარხენე პოლიტიკით გამოირჩევიან, ნომინაციის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

კომენტარები