ბიძინა ივანიშვილი

"ერის მამის, ივანიშვილის გადაგდებას არ შეგარჩენთ" - 20/30-იანელების აქცია ხუნდაძის ოფისთან

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ხუნდაძეს "უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის", ბიძინა ივანიშვილის "გადაგდებას“ არ აპატიებს.

"ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“, "ბიძინა ივანიშვილს თავის მართლება არ უნდა უწევდეს, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, ის დიდი ადამიანია და უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე, დიმიტრი ხუნდაძემ კი, ხელი შეუშალა მას ბრწყინვალე დემოკრატიის მშენებლობაში" - ამბობენ გირჩის ცნობით, მოძრაობის წევრები.

აქციაზე 20/30-იანელებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით - "გახსოვდეს ვინ გაქცია კაცად", "ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ","სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ", "დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ - ძეგვში".

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვენ და ამისთვის ხელმოწერებსაც აგროვებენ.

კომენტარები