თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსის დირექტორი: გამოსავალი არის მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდა

თბილისის მერია

"თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის დავით ასანიძის თქმით, "შეიძლება, ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს". ასანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

"ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენ მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს, რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით, - განაცხადა ასანიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 ნოემბერს ვიცემერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი. კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ორ კვირაში ითხოვს და ამბობს, რომ აღარ აპირებს "კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს".

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მიუღებელია. ხმალაძე ამბობს, რომ პირობა, რომელსაც არასდროს მოისმენს და დათანხმდება, ტარიფის გაზრდაა.

კომენტარები