თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

კინოშთაბეჭდილებები თბილისის მე-20  საერთაშორისო კინოფესტივალიდან

კვირას, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. მრავალი წელია ჩემთვის  ის დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა. მახსოვს, ჩვენებები მაშინ ჯერ კიდევ არსებულ რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრებში ტარდებოდა და ხშირად სასურველ ფილმზე მოსახვედრად იქით-აქეთ, რუსთაველიდან კოსტავამდე და პირიქით,  მიწევდა სირბილი - ღირდა. თანაც, გზად უამრავი ნაცნობი მხვდებოდა და, ცხადია, თითოეულს უნდა მივსალმებოდი, გამეზიარებინა ფესტივალის შთაბეჭდილებები , მომეკითხა მისი ოჯახი, საერთო ნაცნობები, ერთი-ორი ხუმრობის გაცვლაც კარგი იქნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგრძელებდი გზას. რა თქმა უნდა, სოციალური ინტერაქციები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია,  სასიამოვნოდ გვღლის, გვზრდის, გვახალისებს და თავს გვამახსოვრებს.


ფოტო: tbilisifilmfestival

ფილმის სწორად არჩევა კინოფესტივალის ურთულესი ამოცანაა - სხვადასხვა ფილმი 4 დარბაზში, ერთსა და იმავე დროს გადის და გასაგები მიზეზების გამო, შენ მხოლოდ ერთზე შეგიძლია მოხვდე. პრივილეგირებული ხარ - გულს ბავშვობიდან ნანატრი, უმშვენიერესი აქსესუარი გიმშვენებს დიდი ასოებით -PRESS. ბავშვობაში წარმომედგინა, როგორი სერიოზული სახით შევიდოდი ნებისმიერ სასურველ ფილმზე. რას ვიფიქრებდი, ამ უძვირფასესი ნივთის ტარებას ამხელა პასუხისმგებლობაც თუ მოჰყვებოდა. თუმცა, რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში სულ მეგობარი კინომცოდნეები მეხმარებიან, რომლებიც გულისხმიერად მიზიარებენ თავიანთ შეხედულებებს და არასდროს ენანებათ რჩევები. მეც ვუჯერებ. არ ვნანობ.

თამარ შავგულიძის ფილმით დავიწყებ - „კომეტებით“, რომელსაც კინოკრიტიკოსები მოუთმენლად ელოდნენ და, როგორც სჩანს თანაბარი მღელვარებით ელოდა, ბატონი გურამ ფალავანდიშვილიც, პუტინისტებისა და ჰომოფობების მომცრო ჯგუფთან ერთად, რადგან ჩვენების დღეს, ეს ძალადობრივი დაჯგუფება, არ შეუშინდა სიცივეს და კინოთეატრ ამირანთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციას ესწრებოდა, გურამ ფალავანდიშვილი, მისი შვილი, მათი 5-6 თანამოაზრე  - დაახლოებით 40 ჟურნალისტთან და ამდენივე ოპერატორთან ერთად.


ფოტო: ტაბულა

„კომეტები“ ორი ქალის ამბავია, უფრო კი - დიალოგი.  ფილმის უდიდესი ნაწილში ჩვენ ვუყურებთ მსახიობების არც თუ ისე კარგ შესრულებას და ვუსმენთ მათ შინაარსმოკლებულ და, რაც ყველაზე მეტად უსიამოვნოა, არაბუნებრივ დიალოგებს.  სიუჟეტის მიხედვით, ორი პერსონაჟი, რომელიც ბავშვობიდან მეგობრობს, წლების შემდეგ ხვდება ერთმანეთს. ერთი, მეორეს მიმართ გაჩენილ ემოციებს, ადრეულ ასაკში, პოლონეთში გაექცა, მეორე კი აქ დარჩა, გათხოვდა, შვილები გააჩინა, დაზარდა და შრომობს.  ამდენი წლის შემდეგ პირველი სიყვარულის ნახვა, რა თქმა უნდა, რთულია და ამაღელვებელი. საუბრის დროს, მათ ახსენდებათ უდარდელი ბავშვობა, კინოჩვენება სუფთა ჰაერზე და ფილმი, რომელსაც ამ ჩვენების დროს გოგოები უყურებენ. და, აი, იწყება ფილმის ბოლო რამდენიმე წუთი.

ფილმის პირველი ნაწილის შემდეგ, რომელიც ერთსა და იმავე პატარა ეზოში მიმდინარეობს, უეცრად და არსაიდან რეჟისორმა შემოგვთავაზა Si-Fi-ის სტილში გადაღებული მოკლე ფილმის ნახვა. ფილმისა უცხოპლანეტელებზე, რომლებიც თვალის პაჭუნით დუელს გამართავენ. ფილმისა, რომელშიც პერსონაჟები  ქალები არიან, მაგრამ ფონად სდევთ ქალისა და კაცის აბსოლუტურად გაუგებარი დიალოგი. 

ერთი სიუჟეტიდან მეორეზე გადასვლა იმდენად არაბუნერივად მოხდა , რომ მაყურებელი ვერ მიხვდა, როდის და როგორ გადაინაცვლა ერთი სივრციდან მეორეში. ფილმის ყურების დროს გაოგნებული საზოგადოება, სიუჟეტის ამგვარ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა.  გაურკვეველი დარჩა რისი თქმა, მიღწევა ან ჩვენება სურდა რეჟისორს უხეში ნახტომით. სამწუხაროდ, რჩება შეგრძნება, რომ მას პასუხები არ აქვს.


ფოტო: film new europe

ამით შეგვიძლია კომეტების განხილვა დავასრულოთ და  ისევ ქართულ ფილმზე, ამჯერად მოკლემეტრაჟიანზე, სოსო ბლიაძის - „ტრადიცია“-ზე შევჩერდეთ.

3 დეკემბერს, სულ 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახეთ, რომელთაგანაც ორი ძალიან კარგი იყო, დანარჩენ სამზე კი არ ვისაუბრებ. 

„ტრადიცია“ - იწყება კადრით, რომელმაც შეუძლებელია არ გაგვახსენოს ცნობილი სურათი, ჯეიკ ჯილენჰოლისა და ჰიტ ლეჯერის პერსონაჟების სიყვარულზე - Brokeback Mountain, (კარავი, უდაბური ადგილი, ქარი, ორი მამაკაცი) და მაყურებელიც მაშინვე ხვდება, რა თემაზე ესაუბრება მას რეჟისორი.

ბლიაძე სურათში ჩვენი საზოგადოების ხასიათს და მის აბსურდულად ტრადიციულ ბუნებას ოსტატურად გვიხატავს. ფილმში საქართველოში ჩამოსული ორი ტურისტი დაიკარგება და შემთხვევით სოფლის ქორწილში აღმოჩნდება. აქ, უკვე მთვრალი კაცები, ქალებს და ერთმანეთს ესიყვარულებიან, კოცნიან და კიდევ უფრო მეტს სვამენ. თან სტუმრებსაც განზრახ  ათრობენ. 


ფოტო: Tradition / ტრადიცია

თუმცა, როდესაც, ქართულ სუფრაგამოვლილი, გაშინაურებული უცხოელები დაიწყებენ ერთმანეთის კოცნას, მასპინძლებში, რომლებიც ხუთი წუთის წინ თვითონაც დაახლოებით იმავეს აკეთებდნენ, აღშფოთებას გამოიწვევს. ძალადობას ისინი ერთი ადგილობრივის წყალობით გადაურჩებიან.

მთელი ფილმის განმავლობაში, ეს მხსნელი, ერთერთ ტურისტს აკვირდება, მათ შორის აშკარად არსებობს გარკვეული ქიმია. სწორედ გაქცევის მომენტში, როდესაც ორნი მარტო დარჩებიან, მხსნელი გაბედავს და აკოცებს უცხოელს.  შენც, როგორც მაყურებელი, მთელი ამ მომენტის განმავლობაში გულშემატკივრობ მათ ემოციას, ფიქრობ „მიდი, მიდი, რას ელოდები, აკოცე!“ და, ეს ბუნებრივია. ამ კოცნის კადრი და მთლიანად ფილმიც, ერთი ნაწილის მიმართ პროტესტია, ხოლო მეორეს მიმართ - ემპათია. 

უცხოელები ნავში სხდებიან და უძინარი, სევდიანი, ნაბახუსევი სახეებით მიემგზავრებიან. მხსნელი თავის ტომს უბრუნდება. ისიც სევდიანი და ისიც ნაბახუსევზეა.

რეჟისორი ამირან დოლიძე მოკლემეტრაჟიან ფილმში - „ცხოველი“ მამათა თაობას ხმამაღლა, გამოთქმით და თამამად აკრიტიკებს.

დოლიძის ფილმში, მამა, რომელიც ოჯახის უფროსია, ყველას ჭკუას ასწავლის, მორალს უკითხავს,  თავს უფლებას აძლევს, რომ საკუთარი ვაჟის ცოლი გალანძღოს, შუა ღამისას, კი ამავე ვაჟისა და ამავე ცოლის სექუალურ ურთიერთობას, ჩუმად  აკვირდება. მასტურბირებს. დაინახავენ, მაგრამ არაფერი მოხდება.


ფოტო: AT

სურათში  კრიმინალური ავტორიტეტის, მდიდარი და ყველასაგან პატივცემული კაცის ისტორიასაც ვიგებთ. პატივს იმიტომ სცემდნენ, რომ ადამიანებს აუთოვებდა. საბოლოოდ კი მთავარი პერსონაჟი მის საფლავს გათხრის და ფულის საშოვნელად ბეჭდებს მოპარავს.  ისმის კითხვა: ცხონდა თუ არა ქურდის ქურდი? 

რა თქმა უნდა, ამ ორ მოკლემეტრაჟიან ფილმსაც აქვს გარკვეული ხარვეზები. მაგალითად, „ტრადიციაში“ რეჟსორი ცდილობს ზედმეტად ავთენტიკური იყოს და არ გამოსდის. კადრში ხელოვნურობა შემოაქვს.  „ცხოველში“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ზედმეტად ბევრი მეტაფორა და სიმბოლოა, რომლის გარეშე, სურათი დიდად არც შეიცვლებოდა. პრობლემის პოვნა ყველგან შეიძლება, თუმცა ეს ორი მოკლემეტრაჟიანი სურათი, ნამდვილად შემდგარი და კარგი ფილმია. 


ფოტო: arte

საბოლოოდ, ფესტივალის ორი დღე 70-იანი წლების ჰორორით, ნიკოლას როუგის “არ გამოიხედო!” - თი დავასრულე. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა დონალდ საზერლენდი ასრულებს, დახვეწილი კადრებით,  საინტერესო სიუჟეტითა და სახასიათო ესთეტიკით, ასევე გრძელი და მშვენიერი ინტიმური სცენებით, ნამდვილი სამოთხეა საშინელებათა ჟანრისა და, ზოგადად, კინომოყვარულთათვის. როუგის შვილმა, რომელიც ჩვენებას ესწრებოდა, ფილმის დაწყებამდე აღნიშნა: “იმედია ისიამოვნებთ და ცოტათი შეგეშინდებათო”.  ჰოდა, ჩვენც ნამდვილად ვისიამოვნეთ და ცოტატი შეგვეშინდა.

კომენტარები