რუსეთი

მოსკოვის პატრიარქი ოჯახში ძალადობის დროს უცხო პირების ჩარევას ეწინააღმდეგება

მოსკოვის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ ოჯახში კონფლიქტების დროს გარეშე პირების ჩარევას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ მან ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესთან დაკავშირებით აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.

მოსკოვის პატრიარქი ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ცხადია, არ უნდა დავუშვათ ოჯახში რაიმე ძალადობა, მაგრამ არის რაღაც საშიში იმ ტენდენციებში, რაც დღეს იქმნება, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში, როდესაც ზოგიერთი ცდილობს, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სახელით დააკანონოს ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა უცხო ძალების ან სამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ან რამე სახის მოხალისეების, რომელთაც, სავარაუდოდ, მოუწოდეს, მოაგვარონ, დაარეგულირონ ოჯახში არსებული ვითარება.

ოჯახი, ეს ორი ადამიანის ერთობაა, რომლებმაც ქორწინება სიყვარულით გადაწყვიტეს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები და ოჯახში მდგომარეობაზე ღმერთის და საზოგადოების წინაშე პირადად აკისრიათ პასუხისმგებლობა. დაუშვებელია ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, საოჯახო ურთიერთობების საფუძვლების განადგურება. ამიტომ, ოჯახური კონფლიქტების დროს გარე ძალების ჩარევა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ოჯახურ სივრცეში უცხო ადამიანების შემოჭრა, რომლებსაც, ღმერთმა იცის, რა მიზნები და ფიქრები აქვთ", - თქვა რუსეთის პატრიარქმა.

კომენტარები