გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას პროცესი გადაიდო, პროკურატურის მოწმეს [რიჟა] 5 დეკემბერსაც დაკითხავენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას, საქმე საქალაქო სასამართლოში გადაიდო. საქმე ფულის გათეთრების ეპიზოდს ეხება, რაც ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის [რიჟა] მოყოლილს ეყრდნობა. 

პროცესზე, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით 5 დეკემბრამდე გადაიდო, სწორედ კაპანაძე დაკითხეს. კაპანაძე ყვება, რომ ის უგულავას დავალებით საბუთებს აყალბებდა და უცხოეთიდან ასობით ათასი ლარი შემოჰქონდა, რათა მისივე განმარტებით, ეს თანხები წინასაარჩევნო პროცესს მოხმარებოდა. 

თუმცა, კაპანაძე ვერ ასახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც მან დავალება პირადად გიგი უგულავასგან მიიღო. კაპანაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი შუამავლის, უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის, გავლით ხდებოდა. 

დაკითხვის დროს ბიზნესმენმა თქვა, რომ მას პირველწყაროსთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის ინტერესი ჰქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ, საკალათბურთო მატჩზე მოხდა, როდესაც მისივე თქმით, ეს პროცესები უკვე დასრულებული იყო. 

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა მოწმე, რომელიც ამ საუბარს დაადასტურებს, კაპანაძე პასუხობს, რომ ასეთი მოწმე არ არსებობს. 

"ხმაური იყო,"- ამბობს ბიზნესმენი. 

სხვა შეკითხვებზე კაპანაძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ამ ტრანზაქციებში უგულავას მონაწილეობას ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები ადასტურებს. 

უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ეს ჩვენება თავიდან ბოლომდე შეთითხნილია და ამას კაპანაძის მიერ შეთავაზებული სრულიად არადამაჯერებელი და ალოგიკური ვერსია ადასტურებს. 

"თურმე, სპორტის სასახლეში, კალათბურთის მატჩის მიმდინარეობს დროს, უგულავასთან ამ საკითხებს განიხილავდა, მაშინ, როდესაც მანვე თქვა, რომ ამ შეხვედრის დროს მთელი ეს პროცესები უკვე დასრულებული იყოო. ანუ უკან მიდევნებული ლამპარი იყო ეს შეხვედრა?,"- ამბობს ბექა ბასილაია მედიასთან. 

ადვოკატის თქმით, შეუძლებელია ასეთ პროცესებს გეგმავდე და გიგი უგულავას შემთხვევით გადაეყარო, მითუმეტეს, როდესაც კაპანაძე თავად ამბობს დაკითხვის დროს, რომ მას უგულავასთან შეხვედრის ინტერესი ჰქონდა. 

"მის ამ ტყუილს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყველა პირი, ვინც მათ გვერდით იჯდა, საკმაოდ მჭიდროდ, ვერავინ ადასტურებსო," - ამბობს ბასილაია. 

გიგი უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 5 ივლისს შეუფარდა. უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ყვებოდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფალსიფიცირებული მუქარის წერილი მიიტანა, რომელიც თითქოსდა გიორგი კაპანაძემ [რიჟა] გიგი უგულავასგან ლონდონში ყოფნის დროს შუამავლის, "შავგრემანი, ახმახი კაცის", საშუალებით მიიღო.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი თავის გადაწყვეტილებაში წერდა, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გიორგი კაპანაძეზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ადვოკატ ბასილაიას შეფასებით, აბსურდია მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე ყოფილიყო. 

კომენტარები