საყოველთაო ჯანდაცვა

ჯანდაცვის რეფორმის მწვავე კრიტიკის შემდეგ, მთავრობა სამუშაო ჯგუფს ქმნის

დღეს, 4 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა დახურული შეხვედრა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 5 დეკემბრიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთავრობის ახალ დადგენილებასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებს შეისწავლის. არსებული ინფორმაციით, იგეგმება მხოლოდ ტარიფების გადახედვა და არა დადგენილების ძალაში შესვლის გადადება ან გაუქმება.

საუბარია მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს მომსახურებაზე გათანაბრებული ფასები დაუწესა.

სამუშაო ჯგუფში შევლენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კლინიკების ფინანსისტები და პროფესიული გაერთიანებების წევრები.

მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ გამოიწვია სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ყველაზე მძიმედ პაციენტებს შეეხებოდათ, მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად კი მედპერსონალისთვის მოუწევდათ ხელფასების შემცირება. ამისდა მიუხედავად, დადგენილება მაინც შევიდა ძალაში.

კომენტარები