გიგი უგულავას საქმე

გიორგი კაპანაძე (რიჟა): გიგი უგულავა დაისჯება

იმედი

"გიგი უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება" - ასე პასუხობს მედიის შეკითხვებს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, საქმეში პროკურატურის "ოქროს მოწმე" ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე (რიჟა).

კაპანაძე დღეს საქალაქო სასამართლოში დაკითხეს, სადაც თქვა, რომ უგულავას დავალებით ის საბუთებს აყალბებდა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ასობით ათასი ლარი შემოჰქონდა, რომელიც შემდეგ, კაპანაძისვე მტკიცებით, წინასაარჩევნო მიზნებით გამოიყენებოდა. 

კაპანაძის თქმით, მას უგულავასგან პირდაპირ არასდროს მიუღია დავალება და ეს შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. ბიზნესმენმა დაკითხვისას თქვა, რომ მას დიდი ინტერესი ჰქონდა უგულავასთან შეხვედრის, თუმცა ეს ვერცერთხელ მოახერხა, სანამ ფულის გათეთრების პროცესი მიმდინარეობდა. 

კაპანაძე ამბობს, რომ უგულავას მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით შეხვდა საკალათბურთო მატჩის დროს, სადაც ეს ტრანზაქციები განიხილეს, თუმცა მისივე თქმით, ამ საუბრის დადასტურებას ვერავინ შეძლებს. 

საქალაქო სასამართლოში პროცესი 5 დეკემბრისთვის გადაიდო. 

გიგი უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 5 ივლისს შეუფარდა. უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ყვებოდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფალსიფიცირებული მუქარის წერილი მიიტანა, რომელიც თითქოსდა გიორგი კაპანაძემ [რიჟა] გიგი უგულავასგან ლონდონში ყოფნის დროს შუამავლის, "შავგრემანი, ახმახი კაცის", საშუალებით მიიღო.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი თავის გადაწყვეტილებაში წერდა, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გიორგი კაპანაძეზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ადვოკატ ბასილაიას შეფასებით, აბსურდია მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე ყოფილიყო. 

კომენტარები