საარჩევნო სისტემა

ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა

ტაბულა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარლამენტში დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.

ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ჩვენ ვთქვით პირობა, რომ შევეცდებით, დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად - ეს თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ კანონპროექტი განმარტებითი ბარათით, ის გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს უკვე ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების უმეტესობა ამას პოზიტიურად შეხვდება და შემდეგ ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას", - თქვა ხუნდაძემ მედიასთან.

დეპუტატმა დაადასტურა, რომ ამ თემაზე დღეს, 4 დეკემბერს, უმრავლესობის ლიდერსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა "დაძაბული" იყო. მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის ინიცირებას მხარს არ უჭერენ.

"დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა, დიახაც, გაგრძელდა დიდხანს, სამწუხაროდ იყო დაძაბულობაც, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქნას ინიცირებული, უნდა იყოს განხილული, მაგრამ ჩვენ პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით, გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იქნას, მხარდაჭერილი მათ მიერ და შემეგ უკვე პარლამენტში განხილული", - ამბობს ხუნდაძე.

თავად მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი ამბობენ, რომ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, კამათი კი "ბუნებრივია".

დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეით მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარლამენტმა 2020 წლისთვის დაპირებულ პროპორციულ სისტემაზე უარი თქვა. ეს დაპირება ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა საპროტესტო ტალღის ფონზე მისცა. პროტესტი ზაფხულში საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, კრიზისი 20 ივნისის აქციის დარბევამ გაამწვავა. დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთერთი აქტიური მოწინააღმდეგე სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო.

 

კომენტარები