ტურიზმი საქართველოში

467 ათასი — წელს ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გაზრდილია როგორც ტურისტების, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისა და ვიზიტების რაოდენობაც.

რაც შეეხება ცალკეულ მიმართულებებს, წინა თვეების მსგავსად კვლავაც მზარდია ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირიდან. ნოემბერში საქართველოს ევროკავშირის 26,037 მოქალაქე ეწვია, რაც წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. 

ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირიდან მზარდმა დინამიკამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაზე და განსაკუთრებით, სფეროდან მიღებულ შემოსავლებზე. რუსეთთან ფრენების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ფინანსური დანაკარგის აღმოფხვრაში ევროკავშირის ბაზარმა განსაკუთრებული როლი შეასრულა. 

რადგანაც, ევროკავშირის მოქალაქეების საშუალო ხარჯვა ვიზიტზე, თითქმის ორჯერ აღემატება რუსი ვიზიტორის დანახარჯს. სექტემბერში ეს დაადასტურა ეროვნულმა ბანკმაც. მაშინ ევროკავშირის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა რუსეთის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს. 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჯამურად იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის დინამიკა საკმაოდ დადებითია. 2018 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით წელს საქართველოში ჩამოსულ ევროკავშირის მოქლაქეთა რაოდენობა 26%-ით არის გაზრდილი. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 371,685 შეადგინა, წელს კი იგივე მაჩვენებელი 467,308-ს გაუტოლდა. ზრდა თითქმის 100 ათასია. 

ცხადია, ევროკავშირი ჯერჯერობით არ არის იმავე მოცულობის ტურისტული ბაზარი, როგორიც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები და მათ შორის, რუსეთი. ამის მიუხედავად, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკის შენარჩუნება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის უპირველესი ამოცანაა. მეტი ტურიზმი ევროკავშირიდან სექტორის გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს.

კომენტარები