ტრუდომ აღიარა, რომ გავრცელებულ ვიდეოში მაკრონთან და ჯონსონთან ტრამპზე საუბრობდა

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა, მან აღიარა, რომ ლონდონში NATO-ს სამიტიდან გავრცელებულ ვიდეოში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად დონალდ ტრამპზე საუბრობდა.

ვიდეოში ჯონსონი მათი დაგვიანების მიზეზს კითხულობს, რაზეც ტრუდო პასუხობს, რომ პრესკონფერენცია 40 წუთი გაიწელა, შემდეგ კი ამბობს ფრაზას "მის თანამშრომლებს ყბა ჩამოუვარდათ", რაშიც სავარაუდოდ ტრამპის გუნდი და მისი კომენტარები იგულისხმება პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრისას.

"გასულ საღამოს აღვნიშნე ფაქტი, რომ დაუგეგმავი პრესკონფერენცია ჩატარდა ჩემი და ტრამპის შეხვედრამდე. სიამოვნებით მივიღე მასში მონაწილეობა, მაგრამ ნამდვილად თვალშისაცემი იყო. ყველა ლიდერს ჰყავს გუნდი, რომელსაც დაუგეგმავი სიურპრიზების გამო ყბა ჩამოვარდნია. მაგალითად ეს ვიდეოც გამოდგება." თქვა მან.

ტრუდოს არ მიაჩნია, რომ მისი კომენტარები აშშ-კანადის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ორპირის წოდების შემდეგ ტრამპმა NATO-ს სამიტი ნაადრევად დატოვა და დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა.

"სიმართლე ისაა, რომ მე მას ვუთხარი, რომ კანადა თავდაცვაზე ბიუჯეტის 2%-ს არ ხარჯავდა და როგორც ჩანს ის ამით ბედნიერი არ არის." ასე ახსნა ტრამპმა ტრუდოს მიერ მასზე ხუმრობა.

კომენტარები