ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

კანდელაკი: მთავრობის მხრიდან ხანგოშვილის საკითხის იგნორირება შემაშფოთებელია

საქართველოს პარლემენტის წევრი ევროპული საქართველოდან, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ეროზიის თვალსაჩინო მაგალითი.

დეპუტატმა ისაუბრა გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე, ასევე, ქვეყნის ფედერალური პროკურორის განცხადებაზე, რომელმაც ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთს დასდო ბრალი და ანგელა მერკელზე, რომელმაც თქვა, რომ ამ საკითხს პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს. გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, რა მნიშვნელობასაც ენიჭება საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სხვა ქვეყნებში, საქართველოს მთავრობის დუმილი გამაოგნებელია.

"ამ ყველაფრის ფონზე, იმის ფონზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ამ მოქალაქის მკვლელობას, სრულიად გამაოგნებელია ხანგოშვილის ქვეყნის, საქართველოს, მთავრობის დემონსტრაციული იგნორირება ამ ამბისა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულება ხანგოშვილთან მიმართებაში, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი მკვლელობის შემდეგ, არის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძალიან დრამატული ეროზიისა. ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ბატონი ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე ჩვენს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აგენტურის აღმოსაფხვრელად", - თქვა კანდელაკმა.

​ამასთან, ევროპული საქართველოს დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში, ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში, 2015 წელს მომხდარი თავდასხმაც და ამ დანაშაულის შესაძლო დაფარვაც აუცილებლად იქნება გამოძიებული.

4 დეკემბერს გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის მიზეზი აგვისტოში მომხდარი მკვლელობა გახდა. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. 

მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება. 

გუშინვე, 4 დეკემბერს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი მასალები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი გრუ-ს სახელით ცნობილი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოა. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.

კომენტარები