APPLE

უკრაინული პარტია "ხმა" Apple-ს: რუკაზე უკრაინა ყირიმის გარეშე ასე გამოიყურება

Twitter/Voice

"ყირიმის გარეშე უკრაინა რუკაზე ასე გამოიყურება,"- ასე გამოეხმაურა უკრაინული ლიბერალური, პროდასავლური პარტია "ხმა" რუსეთში კომპანია Apple-ის რუკაზე ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობის გადაწყვეტილებას.

"Apple, ყირიმი უკრაინაა," - ვკითხულობთ პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

"ხმა" ახლადშექმნილი პარტიაა, რომლის ლიდერი უკრაინელი როკ ვარსკვლავი, ოკეან ელზის სოლისტი და პოლიტიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია. 2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმათა 5.82% მიიღო და ამჟამად უკრაინის რადაში 20 დეპუტატით ოპოზიციაშია წარმოდგენილი.

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად ცნობს, თუმცა Apple რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ყირიმი რუსეთის ნაწილია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ყირიმი არცერთი ქვეყნის ნაწილი არ არის.

საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ კომპანიაში განაცხადეს, რომ სადავო საზღვრებს უფრო ღრმად განიხილავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები დღემდე აკისრია. დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება. 

კომენტარები