რუსი ჯაშუშები

The New York Times: რუსეთის დაზვერვის ელიტარული დანაყოფი ევროპაში დესტაბილიზაციაზე მუშაობს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

The New York Times ევროპაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებზე ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.

"თავდაპირველად იყო დესტაბილიზაციის კამპანია მოლდოვაში, შემდეგ ბულგარეთში იარაღით მოვაჭრის მოწამვლა და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა. გასულ წელს ბრიტანეთში ნერვული აგენტით ყოფილი რუსი ჯაშუშის მკვლელობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობის კვალი იკვეთებოდა, თავდასხმებს იზოლირებულად განიხილავდნენ. ახლა კი დასავლელი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ამ ოპერაციებს და პოტენციურად კიდევ სხვა მრავალ შემთხვევას, ევროპის დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ კოორდინირებულ და კვლავ მიმდინარე კამპანიად აღიქვამენ, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო სისტემის ელიტარული ძალები ახორციელებენ." წერს გამოცემა.

GRU-ს სპეციალურ დანაყოფი ყურადღების ცენტრში სწორედ მონტენეგროში ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოექცა, როდესაც მისმა ორმა ოფიცერმა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოკვლა და პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდება სცადა. მათი სამოქმედო გეგმაზე წარმოდგენა კი დასავლეთში მას შემდეგ შეექმნათ, რაც ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში ქიმიური იარაღით მოწამლეს.

ერთი წლით ადრე დანაყოფის სამი წევრი ბრიტანეთში ამ თავდასხმის დასაგეგმად ჩავიდა. ამჟამად მხოლოდ მათი ფსევდონიმებია ცნობილი: მიშკინი, სერგეი პავლოვი და სერგეი ფედოტოვი. ფედოტოვი და პავლოვი ფიგურირებენ 2015 წელს ბულგარელი იარაღით მოვაჭრის ემილიან გებრევის მოწამვლის მცდელობის საქმეშიც კიდევ ოთხ პირთან ერთად, რომლებიც ასევე ფსევდონიმებით არიან ცნობილი - ივან ლებედევი, ნიკოლაი კონონიხინი, ალექსეი ნიკიტინი და დანილ სტეფანოვი.

The New York Times-ის მიხედვით დანაყოფი 29155 ბოლო ათწლეულია მოქმედებს და დასავლეთმა მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ სად მოხდება შემდეგი დარტყმა. დანაყოფის მეთაური გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვია. GRU-ს დანაყოფის შტაბბინა მოსკოვში, სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის შენობაში იყო.

2017 წელს გადაღებულ ფოტოში ანდრეი ავერიანოვი დაფიქსირებუია ანატოლი ჩეპიგასთან ერთად, რომელიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. ავერიანოვმა 2015 წელს რუსეთის გმირის მედალიც მიიღო. ეს მედალი მიღებული აქვთ სკრიპალის მოწამვლაში ორივე ეჭვმიტანილს.

GRU-ს ყოფილი აგენტი, რომელსაც ინფორმაცია აქვს 29155 დანაყოფის შესახებ გამოცემასთან ამბობს, რომ მათ მიზანს დივერსიის შექმნა და ჯგუფური თუ ინდივიდუალური მკვლელობების, დაბომბვების და სხვა ტიპის თავდასხმების ორგანიზება წარმოადგენს. ის ადასტურებს რუსი ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ავთენტურობას, რომლებშიც დანაყოფის სათაო ოფისში სხვადასხვა ტიპის იარაღი ჩანს.

"ვფიქრობ დაგვავიწყდა როგორ ორგანულად დაუნდობლები შეუძლიათ რუსებს რომ იყვნენ." ამბობს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თავდაცვის ატაშე პიტერ ზვაკი.

გამოცემის გამოძიებაში საუბარია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარების მცდელობაზეც, რომელთანაც GRU-ს ორი კიბერ დანაყოფი, ცნობილი როგორც 26165 და 74455 არის დაკავშირებული. მათ ეროვნული დემოკრატიული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის სერვერები გატეხეს და შემდეგ მოპარული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების ფარგლებში დანაყოფების ათობით წარმომადგენელი ცნეს დამნაშავედ, თუმცა მათგან ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ, რადგან ძირითადად მოსკოვიდან მოქმედებდნენ.

მათგან განსხვავებით 29155 დანაყოფის ოფიცრები ევროპულ ქვეყნებში მუშაობენ. გამოძიების მიხედვით მათი ნაწილი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის კონფლიქტების ვეტერანია. დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დანაყოფის ოპერაციები ისეა გასაიდუმლოებული, რომ მის შესახებ ინფორმაცია GRU-ს სხვა ნაწილებსაც არ აქვთ მასზე წვდომა.

2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამ დანაყოფს, მათ შორის 29155-ს და 74455-ს "სამხედრო სამსახურში სპეციალური მიღწევებისათვის" ბონუსები გადასცა. მესამე დანაყოფი არის 99450, რომელიც სავარაუდოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

"GRU-ს ეს დანაყოფი ევროპის მასშტაბით წლებია აქტიურია. გასაკვირია, რომ რუსებს, GRU-ს, ამ დანაყოფს ჰქონდათ შეგრძნება, რომ თავისუფლად შეეძლოთ ასეთი ექსტრემალური საზიანო ქმედებები შეეძლოთ განეხორიცელებინათ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში. ეს შოკი იყო." ამბობს ერთ-ერთი დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გამოცემასთან ანონიმურად საუბრისას.

მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის MI6-ის უფროსმა, ალექს იანგერმა თქვა, რომ რუსული საფრთხე გაზრდილია.

"შეგიძლიათ დაინახოთ, რომ კოორდინირებული მოქმედებაა და დიახ, მასში ხშირად ერთი და იგივე პიროვნებები მონაწილეობენ. ჩვენი შეფასებით არსებობს GRU-ს და რუსეთის სხვა სადაზვერვო სამხახურების მხრიდან საფრთხე და მათთვის ძალიან ცოტა რამ სცდება ზღვარს."

ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ 29155 ერთადერთი დანაყოფი არაა, რომელიც მსგავს ოპერაციებს ატარებს. 2006 წელს ალექსანდერ ლიტვინენკოს მოწამვლაში და მკვლელობაში ბრიტანეთი რუსეთი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

დანაყოფის ოპერაციებზე და მის ხელმძღვანელზე დაკვირვებიდან გამოცემა ასკვნის, რომ მათ საკმარისი ბიუჯეტი არ აქვთ. მათი ცნობილი ოპერაციებიდან თითქმის ყველა მარცხით დასრულდა.

"სკრიპალი და ბულგარელი იარაღით მოვაჭრე მკვლელობის მცდელობას გადაურჩნენ, მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო დანაყოფისადმი. მომდევნო წელს კი ქვეყანა NATO-ს წევრი გახდა. უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების თქმით შესაძლებელია, რომ მათი უფრო წარმატებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. კრემლს ეს უსიამოვნებები არ აწუხებს. ექსპერტების თქმით შესაძლოა ეს მათი გეგმის ნაწილიც იყოს." წერს გამოცემა.

ამ აზრზეა ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ეერიკ-ნიილეს კროსსიც: "ასეთი სადაზვერვო ოპერაციები ფსიქოლოგიური ომის ნაწილად იქცა. ისინი უფრო აგრესიულები არ გამხდარან. მათ უნდათ, რომ საგრძნობები გახდნენ. ეს თამაშის ნაწილია." ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

საგამოძიებო ვებგვერდის Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით სკრიპალის მოწამვლის ოპერაციაში GRU-ს კიდევ ერთი აგენტი მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში იმავე დროს, სერგეი ვიაჩესლავოვიც ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

სწორედ Bellingcat-მა ამოიცნო პირველად ალექსანდ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი GRU-ს აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც სკრიპალის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მიშკინი და ჩეპიგა ამის შემდეგ კრემლის პროპაგანდისტულ მედიის Russia Today-ს ეთერშიც გამოჩნდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთში ტურისტებად, სოლსბერის კათედრალის მოსანახულებლად ჩავიდნენ.

ბულგარეთი სოფიაში 2015 წელს იარაღით მოვაჭრის მოწამვლასა და სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირის გამოძიება დაიწყო, ვინაიდან სერგეი ფედოტოვი ბულგარეთს 3-ჯერ ეწვია, სწორედ იმ დროს, როდესაც ემილიან გაბრევი მოწამლეს.

ის ბრექსითის და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმებამდეც რამდენიმეჯერ ეწვია ბრიტანეთს და ესპანეთს, კონკრეტულად კი ბარსელონას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები