რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: NATO-ს გეგმებს მხარი დავუჭირეთ, ახლა ტერორიზმთან ბრძოლაში არ უნდა მიგვატოვონ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ NATO-ს ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვის გეგმას მხარი დაუჭირა და ახლა პასუხად მოკავშირეებმა ანკარა ტერორიზმთან ბრძოლაში არ უნდა მიატოვოს.

ლონდონში გამართულ სამიტამდე ერდოღანი დაიმუქრა, რომ გეგმას მხარს არ დაუჭერდნენ, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად არ ცნობდნენ, თუმცა NATO-ს ქვეყნების ლიდერების მოთხოვნის შემდეგ ამ მუქარაზე უკან დაიხია.

თურქეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად სამიტის ფარგლებში სირიის საკითხზე მოლაპარაკება გამართა. ერდოღანის თქმით 4 ქვეყნის ლიდერები ამ თემის განსახილველად მომავალი წლის თებერვალში სტამბოლში შეხვდებიან. მისივე თქმით ისინი შეთანხმდნენ, რომ ამიერიდან სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს ყოველ წელს სულ მცირე ერთხელ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

თურქეთი და რუსეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ აშშ-ის ძალებმა ჩრდილოეთ სირია სრულად დატოვეს, თუმცა 600-მდე სამხედრო ქვეყანაში კვლავ რჩება.

კომენტარები