გიტანას ნაუსედა

ნაუსედა: რუსეთის ქმედებები საქართველოში, რაც არ დასრულებულა, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს

0 კომენტარი
გიტანას ნაუსედა ფოტო: skrastas

ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტერორიზმი და ჩინეთი საფრთხეს ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს "რუსეთის ქმედებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რაც შორსაა დასრულებისგან".

მისი თქმით, ამ პრობლემების არცნობა ნიშნავს იმას, რომ არ გინდა მსოფლიო დაინახო ისეთი, როგორიც არის.

ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის თქმით, ამჟამად რუსეთის ქმედებები არსებული გლობალური წესრიგისთვის, რაც ათწლეულებია უკვე მოქმედებს, ყველაზე დიდი საფრთხეა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საფრთხე ვაღიაროთ. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით ნატოს სტრუქტურის მთელ მიდგომას".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი მტერი არაა და ალიანსი ისეთ საერთო საფრთხეზე უნდა ფოკუსირებულიყო, როგორც ტერორიზმია. გუშინ მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თავის Twitter-ის გვერდზე გაიმეორა, რომ რუსეთი მტერი აღარაა. მართალია, აღნიშნა, რომ ის კვლავ საფრთხედ რჩება, თუმცა ისიც თქვა, რომ გარკვეულ საკითხებში რუსეთი პარტნიორია

მაკრონმა რუსეთზე საუბრისას თქვა - "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია". 

"რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია," - დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე სჯერა ისეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება.

3 და 4 დეკემბერს ლონდონში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ, შეხვედრაში მონაწილე NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი "ლონდონის დეკლარაცია" გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეა:

"ჩვენ რუსეთთან ღია დიალოგი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვექნება მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შესაძლებელს გახდის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები