ექიმის გატაცების საქმე

ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა

0 კომენტარი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე მეტ აქტიურობას სთხოვს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საქმეში. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი, თამილა გაფრინდაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ევროსაბჭოს 47-ვე ქვეყანამ ხმა უნდა აიმაღლოს და გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი. 

"საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა და განიხილონ ვაჟას შემთხვევა, არა როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ, ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქის საქმე. ევროსაბჭოში 47 ქვეყანაა, ყველა მათგანმა უნდა აიმაღლოს ხმა და გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი ციხიდან," - თქვა თამილა გაფრინდაშვილმა. 

უკვე 27 დღეა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს."

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები