აქცია საფრანგეთში

პარიზში პოლიციამ საპენსიო რეფორმის გამო გაფიცულთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

nypost.com

პარიზში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია, სულ მცირე 87 დემონსტრანტი. მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირები გამოვიდნენ. ისინი საპენსიო რეფორმის ცვლილებას და საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებენ.

როგორც NY Post-ი წერს, დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიის მინები, ისინი ასევე პოლიციელებს ესროდნენ პიროტექნიკას. 

პარიზში ამ დროისთვის დახურულია ლუვრის მუზეუმი, არ მუშაობს ეიფელის კოშკი და მეტრო. ბევრმა ვიზიტორმა, მათ შორის აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, გააუქმა ვიზიტი პარიზში. გადაიდო ფრენების დიდი ნაწილი. 

საფრანგეთში ამჟამად რამდენიმე განსხვავებული საპენსიო სქემაა და მაკრონს მათი გაერთიანება სურს. მისი გეგმით თანამშრომლები ყოველ ნამუშევარ დღეს ქულებს მიიღებენ და შემდეგ ეს ქულები საპენსიო ბენეფიტებად გარდაიქმნება. საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე იზრდება. მაკრონს მიაჩნია, რომ მისი გეგმა უფრო სამართლიანია, ვიდრე არსებული. ამჟამად საფრანგეთში საპესნიო სისტემაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 14% იხარჯება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 69% გაფიცულებს უჭერს მხარს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გაფიცვა არ შეწყდება, სანამ მაკრონი ხსენებულ რეფორმებზე უარს არ იტყვის.

კომენტარები