საარჩევნო სისტემა

უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე "ოცნება" სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას განიხილავს

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში დღეს, 6 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

განხილვის საკითხი 2020 წლის საარჩევნო სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემოთავაზებული ე.წ ამერიკული მოდელია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს.

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა. 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები