ჰარცელი: კონტრაქციები სიტუაციის ნაწილია, ქუჩაში დაძაბულობა სიტუაციას უფრო ართულებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძისა, და მისი კიდევ რამდენიმე თანაგუნდელის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებას გულისხმობს. 

ჰარცელი ამბობს, რომ ეს ბოლო შეთავაზება, რომელიც ახლა განიხილება, ქართულ ოცნებაში მას აქამდე არ უნახავს და დეტალები არ იცის. 

"მნიშვნელოვანია კომპრომისის გამონახვა. პირველი შეხვედრის დროს, რაც ვთქვი, ის იყო, რომ დიალოგი ძალიან სასარგებლო და ძალიან პატივსაცემი იყო,"- ამბობს ჰარცელი. მისი ამ კომენტარის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს. 

ჰარცელი ამბობს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დროს მას ჰქონდა განცხდა, რომ იყო პლატფორმა, სადაც ორივე მხარის ჩართულობისა და კომპრომისის სურვილი არსებობდა. ელჩის თქმით, ქუჩაში დაძაბულობა სიტუაციას უფრო ართულებს. 

ჰარცელი ქართული ოცნების აქტივისტებისა და საჯარო მოხელეების კონტრაქციებზეც საუბრობს, რომლის დროსაც ისინი მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ოპოზიციის ოფისებს თავს ესხმიან და ამბობს, რომ ეს არსებული სიტუაციის ნაწილია. 

"უზრუნველყოფილი უნდა იყოს აზრის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა და ამას ქუჩებში დაძაბულობაზე ზეგავლენა ექნება,"- ამბობს ჰარცელი. 

ელჩის თქმით, ევროკავშირი პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებს. 

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. 

ამასთან, ზუგდიდში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ოფისს თავს დაესხნენ, სადაც დიდი ნაწილი სწორედ საჯარო მოხელეები იყვნენ. 

ამ ფონზე ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. ინიციატივა 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა. 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო. 

ახლა, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები