დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა

თავდემები: ხუნდაძის ინიციატივა ესკალაციას ემსახურება და ეროვნულ ინტერესს საფრთხეს უქმნის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავისუფალი დემოკრატები ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანაგუნდელების ახალ ინიციატივას ეხმაურებიან, რომელიც 2024 წლისთვის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს.

თავისუფალი დემოკრატები ამ შეთავაზებას მასობრივი საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელ და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მაპროვოცირებელ ქმედებად აფასებენ. 

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში ხუნდაძის კანონპროექტს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ან თუნდაც 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება არ შეუძლია და ამ გზით ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება, რომელიც განსხვავებების მიუხედავად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხში ერთიანია. 

"შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი არათუ ხელს არ უწყობს ქვეყანაში თანხმობისა და სტაბილობის დამკვიდრებას, არამედ პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მიზანს ემსახურება," - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თავისუფალი დემოკრატები კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთ საფრთხეს უსვამენ ხაზს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში განიხილავენ. 

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტის ნაცვლად ორპალატიანი პარლამენტი უნდა ამოქმედდეს. ასეთი ტიპის საკანონმდებლო ორგანოს იდეა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში მისი მიღების დღიდანაა ჩადებული. კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში წერია, რომ "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ". იმავე შინაარსის დებულებას ითვალისწინებდა კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციაც.

"ორპალატიანი პარლამენტის შემოღება საქართველოს ხალხმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის ფაქტს იმიტომ დაუკავშირა, რომ ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატა - სენატი ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპით უნდა იქნეს არჩეული. ხოლო, ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი ვერ იქნება დაცული თუ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა არ ეყოლებათ საქართველოს განუყოფელ და ძირძველ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შემოღება მანამდე, სანამ საქართველოს იურისდიქცია მთლიანად არ იქნება აღდგენილი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ირიბად იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღარ არის საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ეს ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და სტაბილობის აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს - საქართველოს იურისდიქციის აღდგენას საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის ნებისმიერ ორგანიზატორს, ინიციატორსა თუ მხარდამჭერს მართებს გაიაზროს პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე," - წერია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში. 

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. ინიციატივა 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა. 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო. 

ახლა, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები