რამზან ახიადოვის ექსტრადირება

წულუკიანი არ პასუხობს HRC-ს, რა პირობებშია საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პირი

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათ იუსტიციის სამინისტროდან რუსეთში ექსტრადირებული მოქალაქის, რამზან ხადიროვის, მდგომარეობის შესახებ გამოითხოვეს ინფორმაცია, სამინისტრომ კი მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. 

განცხადების მიხედვით, ცენტრმა 8 ოქტომბერს მიმართა იუსტიციის მინისტრს, ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, შეასრულა თუ არა სამინისტრომ დაპირებული მონიტორინგი და რამდენად ასრულებს რუსეთი სამართლებრივ გარანტიებს რამზან ახიადოვის მიმართ. 

ცენტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრმა დადგენილ ვადაში (10 სამუშაო დღე), მათ ეს ინფორმაცია არ მიაწოდა, ცენტრმა სამინისტროს კიდევ ერთი წერილი მიწერა, ამჯერად 22 ოქტომბერს. ცენტრი სამინისტროსგან ითხოვდა შემდეგი ტიპის ინფორმაციას: რუსეთისგან გამოითხოვეს თუ არა, რა პირობებში იმყოფება რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. 

ცენტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მათ არც ამჯერად უპასუხა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლს ციტირებს, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად კი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის - ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყონებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაპირებული მონიტორინგის შედეგების შესახებ,"- წერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი. 

რამზან ახიადოვი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად 2016 წლიდან ცხოვრობდა, იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს 19 სექტემბერს გადასცა. არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მოუწოდებდა თეა წულუკიანს, ახიადოვის ექსტრადირება არ მომხდარიყო. 

წულუკიანის არგუმენტი კი შემდეგნაირი იყო, რომ უწყებამ რუსეთისგან ფორმალური გარანტიები მიიღო, რომ ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არ გახდებოდა. 

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები