პოლიტიკური პატიმრები რუსეთში

რუს სტუდენტს Youtube ვიდეოს გამო 3 წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს

Bloomberg

რუსულმა სასამართლომ 21 წლის სტუდენტ იგორ ჟუკოვს კრემლის წინააღმდეგ მიმართული Youtube ვიდეოს გამო, სადაც იგი მშვიდობიანი პროტესტის უპირატესობებზე საუბრობდა, "ესქსტრემისზმის" ბრალდებით 3 წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა

სტუდენტს ასევე შეეზღუდა ინტერნეტით სარგებლობის უფლება ორი წლის ვადით, რაც, სავარაუდოდ მისი ვიდეო ბლოგების შეწყვეტას ისახავს მიზნად. 

სტუდენტი თავდაპირველად მასობრივი დაუმორჩილებლობის ორგანიზებისა და ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი გადაკვალიფიცირდა და ჟუკოვი ექსტრემიზმში დაადანაშაულეს. 

ზაფხულში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ჩატარდა, რასაც სახელმწიფომ ძალიან მკაცრად უპასუხა და ათეულობით ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის ბევრი პოლიციის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაზე განხორციელებულმა საზოგადოებრივმა ზეწოლამ რიგ შემთხვევებში შედეგი გამოიღო, დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს და ნაწილს ბრალი შეუმსუბუქეს. 

"თავდაპირველად ახალგაზრდა ბიჭს მასობრივ არეულობაში მონაწილეობა დააბრალეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებად მოტანილ კადრებში სხვა ადამიანი ფიგურირებდა, ექსტრემიზმზე დაიწყეს ლაპარაკი"- წერია ერთ-ერთი რუსული გამოცემის სტატიაში

როგორც ჩანს, ექსტრემიზმის დასასაბუთებლად ის ფრაზა აიღეს სტუდენტის ბლოგიდან, სადაც იგი ამბობს, რომ სისტემას ხალხი მტკიცედ და ყველა შესაძლო ხერხით უნდა ებრძოლოს. 

"ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, გამარჯვებად მივიჩნიოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის პირობითი სასჯელის დაკისრება. მათ სასამართლო რეპრესიულ ინსტიტუტად გადააქციეს, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკაა" - ამბობს იგორ ჟუკოვი.

იგორ ჟუკოვი "მოსკოვის საქმედ" წოდებული ივლისის დემონსტრაციების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა გახდა. მის მხარდასაჭერად გამოვიდნენ რუსი სასულიერო პირები, მასწავლებლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექიმები, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები თუ ლიტერატურული გამომცემლობის მფლობელები. 

კომენტარები