ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები

"დამოუკიდებელი დეპუტატები": გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნას დაველოდებით

ტაბულა

ქართული ოცნებიდან გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია პარლამენტში დარეგისტრირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტს გამოეხმაურნენ, რომელიც ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით მომზადდა.

განცხადებაში დამოუკიდებელი დეპუტატები წერენ, რომ თითოეულმა მათგანმა 14 ნოემბრის კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რადგან თვლიან, რომ ეს ცვლილება ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობდა ხელს. 

"სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ,"- წერია განცხადებაში. 

დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებით, მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან.

"ფრაქცია 'დამოუკიდებელი დეპუტატები' დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს,"- წერია განცხადებაში. 

დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი შეკითხვა იკვეთება და თავად კონსტიტუციონალისტებს შორის ურთიერთოგამომრიცხავი პოზიციებია. 

"ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელთან ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე,"- წერია განცხადებაში. 

ფრაქციის "დამოუკიდებელი დეპუტატები" წევრები არიან - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები