აშშ - რუსეთი

ლავროვი: აშშ-ის მიერ რაკეტების ნებისმიერ ახალ განლაგებას რუსეთი უპასუხებს

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რაკეტების ნებისმიერ ახალ განლაგებას რუსეთი უყოყმანოდ უპასუხებდა.

ამის შესახებ მან რომში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვექნება სარკისებური რეაქცია. ყოველ ნაბიჯს რუსეთისგან რეაქცია მოყვება," - დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას ინფორმაციით, 10 დეკემბერს ლავროვი ვაშინგტონს ეწვევა. 2017 წლის შემდეგ ვაშინგტონში ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება. 

როგორც ერთერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდება და სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინას, სირიას, ვენესუელას და შეიარაღების კონტროლის პრობლემას განიხილავს.

უცნობია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება თუ არა პრეზიდენტ ტრამპს. აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს პარიზში უკრაინისა და რუსეთის ლიდერები სამი წლის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება რუსეთის ინტერესებში აღარ შედიოდა. მანამდე, 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ინიციატივით აშშ-მ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება დატოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების ახალი შეთანხმებისთვის მიღწევა სურდათ. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართვაში ჩინეთიც იყო დაინტერესებული.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა შუალედური დამიზნების რაკეტების ხელშეკრულებაზე განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაში რუსეთისა და აშშ-ის გარდა ევროკავშირის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

კომენტარები