ბავშვთა პორნოგრაფია

პროკურორი: არის მტკიცებულებები, რომ მშობლებმა იცოდნენ ფოტოსესიების შინაარსი და ფული აიღეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 მშობლისა და ერთი მასწავლებლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს. ბრალდების მხარე ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს.

საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ, თუ რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ ბავშვები მონაწილეობას და თავად მიჰყავდათ საკუთარი შვილები, ასევე არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ დაკავებულებმა ანაზღაურება აიღეს.

„ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად. ასევე არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები," - ამბობს პროკურორი.

შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული გამოსახულებების წარმოების, დამზადების ბრალდებით მშობლები და მასწავლებელი გუშინ, 6დეკემბერს დააკავა.

შსს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა ამ ქსელის 11 წევრი დააკავეს.

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 22 ადამიანია დაკავებული. 

დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები