არასრულწლოვანთა პორნოგრაფია

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პირველი არხი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 10 მშობელს და მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა კულულაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობას ბრალდების მხარე ითხოვდა.  

შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული გამოსახულებების წარმოების, დამზადების ბრალდებით მშობლები და მასწავლებელი გუშინ, 6 დეკემბერს დააკავა.

შსს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა ამ ქსელის 11 წევრი დააკავეს.

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 22 ადამიანია დაკავებული. 

დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები