პროპორციული არჩევნები

კუბილიუსი: ივნისში გაცემული დაპირების არ შესრულება იწვევს უნდობლობას ხალხში, ევროკავშირში

"ივნისსა და ივლისში გაცემული დაპირებების არ შესრულება კარგი გამოსავალი არ არის. ეს იწვევს უნდობლობის გაჩენას მოსახლეობაში და ასევე ევროკავშირში იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები," - ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო და არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ხელშესახებ შედეგებამდე უნდა მოიტანოს. 

"გვაფიქრებს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ეს საკითხი განვიხილეთ ევროკავშირის ელჩთან. რა თქმა უნდა, გაგვახარებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის გაგრძელების ნახვა. დიალოგი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს მომდევნო არჩევნებისათვის და რაიმე ტიპის ნდობა დაბრუნდება დემოკრატიული საარჩევნო პროცესისადმი. აი ამის ნახვა გვსურს. მმართველს პარტიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია," - ამბობს კუბილიუსი. 

კუბილიუსი ამბობს, რომ უკეთესი იქნება მმართველმა პარტიამ აჩვენოს, რომ ესმით, თუ რა პრობლემები შექმნეს საკუთარი გადაწყვეტილებით. 

"ვიცით, რომ არის განსხვავებული შემოთავაზებები, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებას არ მოითხოვს. ვუსურვებ ორივე მხარეს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას მიაღწიონ რაიმე ტიპის შეთანხმებას შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, რათა მეტი პროპორციულობა შეიძინოს საარჩევნო სისტემამ შემდეგი არჩევნებისათვის. იმედი მაქვს ჩვენი ხმა დაეხმარება მმართველ პარტიას და ყველა ქართულ პარტიას, წინ წავიდნენ და დიალოგით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ," - ამბობს ევროპარლამენტარი.  

მიმდინარე წლის 24 ივნისს, გავრილოვის ღამის პროტესტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აქციის მონაწილეების ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებას ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ.

რის შემდეგაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ოცნებას საარჩევნო სისტემის ისეთ მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებს და დროში მოსწრებადია. ე.წ გერმანული მოდელი, რაზეც ქართული ოცნება ამბობს, რომ არაკონსტიტუციურია. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს.

დღეს, 8 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგება.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები