დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

ჰარცელი: კმაყოფილი ვარ, რომ საარჩევნო სისტემაზე გასული კვირის დიალოგის გაგრძელებას ვხედავ

"მე კმაყოფილი ვარ, რომ გასული კვირის დიალოგის გაგრძელებას ვხედავ," - ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებზე საუბრობს, სადაც მხარეები, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე მსჯელობენ. 

ჰარცელი ამბობს, რომ ამ საკითხზე მხარეებს შორის დიალოგის გამართვა პოზიტიური მოვლენაა და აღნიშავს, რომ შეხვედრების მიმართ მონაწილეების კონსტრუქციული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. 

"ასევე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ბოლო დიალოგზე მოსაზრებების გაცვლის ხილვით. თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, რისი მიღწევა არის შესაძლებელი. ეს შემდეგი დიალოგის პროცესისას უნდა ვნახოთ, სადაც იმედია, პარტიები მეტ ურთიერთგაგებას მიაღწევენ წინსვლისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ვინც მაგიდასთან მოვა დღეს, კონსტრუქციული დამოკიდებულებით მოვიდეს. ჩვენ ახლა ორ მხარეს შორის ხიდების გადების თამაშში ვართ," - ამბობს ჰარცელი. 

ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებს მოუყვა მიმდინარე მოვლენებისა და დიალოგის შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ კარგი საწყისი წერტილი ქართველ კოლეგებთან დაგეგმილი შეხვედრებისას. 

"ევროპარლამენტარებს მოვუყევი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორის პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე მიმდინარე განხილვის შესახებ. იმის შესახებ, თუ საით მივდივართ, დიალოგის შინაარსის შესახებ, რომლის ხელშეწყობასაც ვცდილობთ," - ამბობს ჰარცელი. 

ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადებები თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ დაწყებამდე გააკეთა. 

დღეს, 8 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგება - შეხვედრას ოპოზიციიდან ასევე დაესწრება პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძეც.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები