პეტრას ოუშტრავიჩუსი: მოვუწოდებთ მმართველ კოალიციას, მოლაპარაკებებში იყოს პასუხისმგებლიანი

http://npbelarus.info/

"ჩვენ ძალიან გვაშფოთებს დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც შეიცავს პოლიტიკურ კრიზისად ჩამოყალიბების რისკს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას ოუშტრავიჩუსმა, ოპოზიციის ლიდერებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

ევროპარლამენტარის ამბობს, რომ კრიზისი დიალოგით უნდა გადაიჭრას და მთავრობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. 

"ამ პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს მოვუწოდებთ ჩაერთონ დიალოგში. ჩვენ ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ხმას ამ მიმართულებით და მოვუწოდებთ მმართველ კოალიციას იყოს პასუხისმგებლიანი და ღია პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში. ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას დიალოგით"- აღნიშნავს ევროპარლამენტარი. 

პეტრას ოუშტრავიჩუსმა, მთავრობას ოდირის რეკომენდაციების პატივისცემისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, ევროპასთან სამომავლო ურთიერთობებისათვის ფუნდამენტური პირობაა.

"ერთი მესიჯი ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეპორტიორისგან - ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს და არჩევნები დემოკრატიული კრიტერიუმის ნაწილია. ეს ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის ფუნდამენტური პირობაა. ისინი, ვისაც არ ესმით დემოკრატიული კრიტერიუმების მნიშვნელობა, ცდებიან. იგივე სიტუაცია გვქონდა მოლდოვასთან ორი წლის წინ და არ მინდა ვიხილო საქართველო დემოკრატიულობის პირობების სრულად არ შემსრულებელთა სიაში. ამიტომ ჩვენი გზავნილი მძლავრია და მოველით, რომ დიალოგი შედეგებს მოიტანს. საბოლოოდ, კეთილი ნების ნიშნად კოალიციას მოვუწოდებ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომლებიც მიმდინარე წელს დააკავეს"- თქვა მან. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დღეს, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგება - შეხვედრას ოპოზიციიდან ასევე დაესწრება პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძეც.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები