ბოკერია: ხელისუფლება იძულებული გახდა მოლაპარაკებებზე დამჯდარიყო

საქართველოს პარლამენტი

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებამდე ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

ბოკერიას თქმით, ერთმანეთის პარალელურად გაგრძელდება პროტესტი ქუჩაში, წნეხი მოლაპარაკებების მაგიდასთან და "ქართული ოცნების" იზოლაცია საერთაშორისო დონეზე:

"იძულებული იყვნენ, დამსხდარიყვნენ ამ პროცესზე. გარეთ პროტესტი გაგრძელდება და შიგნით წნეხი მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო იზოლაცია ივანიშილის და მისი გუნდის მანამ, სანამ გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც მიაყენეს საზოგადოებას, როცა გადააგდეს ყველა. თუ არ მოეგებიან გონს, დაამთავრებენ ცუდად. ეს მოლაპარაკებების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა, თუ მოეგება გონს ივანიშვილი, რომ აქ გაფორმდეს ეს პროცესი." - ამბობს ის.

დღეს, 8 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით მიმდინარეობს - შეხვედრას ოპოზიციიდან ასევე ესწრება პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები