დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

კრიზისის დასაძლევად გამართულ მოლაპარაკებებზე მისულ კობახიძეს თავი კრიზისში არ ჰგონია

ტაბულა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად დეპუტატი, ირაკლი კობახიძე, რომელსაც თანამდებობიდან წასვლა მას მერე მოუწია, რაც მისივე სავარძელში ოკუპანტი სახელმწფოს წარმომადგენლის ჩასმის გამო ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სისხლიანად დაარბია, ამბობს, რომ ამავე დარბევის შემდეგ დადებული პირობის შეუსრულებლობის გამო კვლავ აფეთქებული პროტესტი არა მისი გუნდის, არამედ "ოპოზიციის კრიზისია".

"ჩვენი პოზიცია არის მარტივი, კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას", - ამბობს კობახიძე, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ხელისუფლებას წარმოადგენს.

"ჩვენ ვთამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას, მათი ინიციატივა იყო მეორე შეხვედრის ჩატარება და მოვედით ამ შეხვედრაზე. ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას, ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. არის მარტივი მათემატიკური საკითხი ის, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე ველოდებით ოპოზიციის წინადადებებს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია", - თქვა კობახიძემ.

 

კომენტარები