ჯანდაცვაში დაგეგმილი ცვლილებები

ტიკარაძე: მიუღებელია, ჯანდაცვა განვიხილოთ, როგორც ბიზნესი და თან - მომგებიანი

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. 

ტიკარაძემ კომენტარი ტვ იმედის გადაცემა "რა დროს ძილია"-ში გააკეთა. ტიკარაძის თქმით, რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკები შეიძლება წაგებაზე წავიდნენ.

"ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტიკარაძე ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები სფეროში შექმნილი პრობლემებით არის განპირობებული და რეფორმა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

"რეფორმა გულისხმობს, რომ შევიტანოთ მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იმ მომსახურებების ღირებულებაში, რასაც კლინიკებში იღებენ ჩვენი მოქალაქეები. 520-ე დადგენილება დაგეგმილი ცვლილების მხოლოდ 10%-ია. რეფორმა სავარაუდოდ შემდგომი ორი წლის მანძილზე გაგრძელდება", — ამბობს ტიკარაძე. 

ტიკარაძის თქმით, რეფორმის მიზანია, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

"კლინიკებს ვაფინანსებთ თანაბრად, ეს მიმართულია იქითკენ, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს პაციენტს, რათა ყველა საავადმყოფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სწორად და კარგად განვითარდეს. ამ დროისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ საავადმყოფოების კონცენტრირება არის თბილისში და რეგიონებში სამედიცინო მომსახურების დეფიციტია. ჩვენ გვაქვს ექიმების მიგრაცია თბილისში, რადგანაც თბილისში მეტი შანსია, რომ ექიმი იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი", — განაცხადა ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათ მიერ შეთავეზებული სატარიფო გეგმა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ძველი ტარიფებისგან და სახელმწიფო გააკონტროლებს თუ რას იხდის მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში. 

"ჩვენ ღია წერილის პასუხში გამოვაქვაყნეთ თუ რა პროცენტული ცვლილებაა ტარიფების. ხშირ შემთხვევაში არის მომატებული ან თანაბარია ძველი ტარიფის და არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია მანამდე არსებულ ტარიფებზე", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

"ჩვენ გადავაკონტროლებთ, რომ ყველა მომსახურების ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვუხდით კლინიკებს, იყოს დაცული პაციენტის სასარგებლოდ", — ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

ეკატერინე ტიკარაძე ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამინისტროს ხელმძღვანელობს. მინისტრობამდე ტიკარაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მმართველი კომპანიის ააიპ დოსტაქარის დირექტორი იყო. პოსტზე ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც მინისტრობამდე თავის მხრივ, ასევე ააიპ დოსტაქარის დირექტორად მუშაობდა. 

ააიპ დოსტაქარის დამფუძნებელი და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია. უფრო მეტი 520-ე დადგენილებაზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები