თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი: თუ სახელმწიფო არ აღიარებს ჩვენს სუვერენიტეტს, გამოცხადდეს მტრულად

თავისუფლების ინსტიტუტი გამოდის ინიციატივით, ის სახელმწიფოები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სუვერენიტეტს, მტრულ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ.

ამასთან, ორგანიზაციას სურს, ​საჯარო თანამდებობის პირებმა განაცხადონ ნებისმიერი შემოსავალის შესახებ, რომელიც მიღებული აქვთ მტრული სახელმწიფოსგან და თუ ეს შემოსავალი აღემატება კონკრეტულ რაოდენობას და იწვევს ფინანსურ დამოკიდებულებას მტრულ სახელმწიფოზე, ამ პირებს თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ.

კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინიციატივების შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების ინსტიტუტის კარავში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კატო კოპალეიშვილის თქმით, ინიციატივის ნაწილია მტრულ სახელმწიფოსთან ან მათ წარმომადგენლებთან უნებართვო მოლაპარაკებების აკრძალვაც.

"​ვთვლით, რომ ეს ძალიან მნშვნელოვანია გამჭვირვალობის კუთხით, ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს, ვის აძლევს ხმას, საიდან აქვს ამ ადამიანს ეს შემოსავალი. გარდა ამისა, როცა ადამიანი დამოკიდებულია მტრულ სახელმწიფოზე, ეს იწვევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. რეალურად, მტრულ სახელმწიფოს ვაძლევთ ბერკეტს, გავლენა იქონიოს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ფინანსურად დამოკიდებული მასზე და რომლები აწარმოებენ ჩვენს საშიანაო და საგარეო პოლიტიკას", - ამბობს კატო კოპალეიშვილი.

თავისუფლების ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ინიციატივა დაიხვეწება, იმუშავებენ სამოქალაქო სექტორთან და საბოლოო ვარიანტს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ.

"რეალურად, ამ ყველაფრის მიზანია, რომ წამოვიწყოთ კოლაბორაციონიზმზე დისკუსია, რომლის შედეგად მივიღებთ შესაბამის ზომებს, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, არის რუსული ოკუპაცია და რუსეთი", - ამბობს კატო კოპალეიშვილი.

კომენტარები