თავისუფლების ინსტიტუტი რუსული კულტურის ცენტრების გახსნის აკრძალვას ითხოვს

თავისუფლების ინსტიტუტი საქართველოში რუსული კულტურის ცენტრების გახსნის აკრძალვას ითხოვს.

კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინიციატივების შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების ინსტიტუტის კარავში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ცენტრები რუსეთის ჯაშუშური ქსელის საფარია. მისი თქმით, ორგანიზაციამ უკვე შეადგინა შესაბამისი პეტიცია, რომელსაც მოკლე დროში 3500-მდე ხელმომწერი ჰყავს. ორგანიზაცია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, იბრძოლონ ნებისმიერ მეთოდებით ამ ცენტრის წინააღმდეგ.

"ჩვენ რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ აგვისტოს ომის შემდეგ. დღემდე რუსეთი ეწევა ჩვენს ანექსიას ყოველდღიურ რეჟიმში, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულნი და ყოველდღიურად მათ უწევთ რუსეთის სამხედროებთან ურთიერთობა, დღემდე ვაჟა გაფრინდაშვილი არის დაკავებული მარიონეტული რეჟიმის მიერ. ამ პირობებში საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფილიალის გახსნაზე საქართველოში არის წარმოუდგენელი თავხედობა და რაც მთავარია, საშიშია", - თქვა სალომე ხვადაგიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას არ ესმის და ვერ იაზრებს, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მსგავსი ცენტრი თბილისში, ამის გააზრებაში მოქალაქეები დაეხმარებიან.

კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა, მედიასთან თქვა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება. 

რუსულ კულტურის ცენტრებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება. საქართველოში არსებული მსგავსი ორგანოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე სწორედ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე იყო. 

ვრცლად რუსული კულტურის ცენტების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: რუსული კულტურის ცენტრები ჯაშუშობის საფარია, მსგავსი საბჭოთა ორგანოს უფროსი აბაშიძე იყო

კომენტარები