თავისუფლების ინსტიტუტი

მტრული ქვეყნისგან მიღებული შემოსავლის დეკლარირება - თავისუფლების ინსიტიტუტის ინიციატივა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტი გამოდის ინიციატივით, საჯარო თანამდებობაზე მყოფმა პირებმა მტრული სახელმწიფოსგან შემოსავლის შესახებ განაცხადონ და თუ ეს შემოსავალი მაღალია, მათ თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ.

კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის შესახებ ინიციატივები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების ინსტიტუტის კარავში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.

"ვთვლით, რომ ეს საკითხი გამჭირვალობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია - ამომრჩეველს აქვს უფლება ფლობდეს ამ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იყოს საჯარო. მტრულ სახელმწიფოზე ფინანსური დამოკიდებულება პრობლემურია, ეს იწვევს ინტერესთა კონფლიქტს - რეალურად მტრულ სახელმწიფოს ვაძლევთ ბერკეტს გავლენა იქონიოს იმ ფინანსურად დამოკიდებულ პირებზე, რომლებიც საჯარო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებენ. მაღალი ფინანსური დამოკიდებულების შემთხვევაში, ხმაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ფინანსური დამოკიდებულება გახდეს, რა შემთხვევაშიც, გამჭირვალობა საკმარისი არ იქნება და აკრძალვა არის გამოსავალი - იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება შეუქცევადი შედეგები დადგეს და დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესი და სუვერენიტეტი", - თქვა კატო კოპალეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივაა სახელმწიფო, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ან არ აღიარებს მას, გამოცხადდეს მტრულ სახელმწიფოდ. გარდა ამისა, ორგანიზაცია ითხოვს აიკრძალოს უნებართვო მოლაპარაკების წარმოება მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებთან.

თავისუფლების ინსტიტუტში ამბობენ, რომ აპირებენ ამ ინიციატივებზე აქტიურად იმუშაონ სამოქალაქო სექტორთან, რათა დახვეწონ და საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები