ტერორიზმი

თურქეთმა საფრანგეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან დაკავშირებული 11 ფრანგი დააბრუნა

BBC

თურქეთმა საფრანგეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან დაკავშირებული 11 ფრანგი პირი დააბრუნა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ. დიპლომატიური წყაროები მედიასთან ამბობენ, რომ დეპორტირებულ 11 პირს შორის 4 ქალი და 7 ბავშვია.

ტერორიზმის ანალიზის ფრანგული ცენტრის ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მაროკოელი წევრის ცოლი იყო. ის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს 2014 წელს ქმართან ერთად შეუერთდა. კიდევ ერთი დეპორტირებული, მათი ინფორმაციით, 25 წლის ქალია, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ჩაწერამდე ბრიტანეთში ცხოვრობდა და ტერორისტულ ორგანიზაციაში რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონაც ჩააბა. მას ბრიტანეთში დაბრუნება აკრძალული აქვს.

ექსტრადიციის პროგრამის ფარგლებში თურქეთი აპირებს სირიაში დაკავებული ტერორისტების დეპორტაცია განახორციელოს დასავლეთის იმ ქვეყნებში, საიდანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად ჩავიდნენ. დეპორტაცია ემუქრებათ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებთან დაკავშირებულ პირებსაც, მათ შორის ჯიჰადისტების ცოლებს და შვილებს.

საფრანგეთმა და თურქეთმა 5 წლის წინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თურქეთის მიერ დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების დეპორტაცია საფრანგეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ თურქეთმა 300-მდე საფრანგეთის მოქალაქე გააძევა.

თურქული სახელმწიფო მედია TRT Haber-ის მიხედვით თურქეთს სულ 2,500-მდე ტერორისტის დაბრუნება სურს, მათი უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან არიან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ 102 ქვეყნიდან ე.წ. ისლამური სახლემწიფოს რიგებში საბრძოლველად ჩასული და შემდეგ დაკავებული 7,600 ადამიანი უკვე დაადეპორტეს და სამშობლოში დააბრუნეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ოფიციალური ანკარა პატიმრების რეპატრიაცას იმ შემთხვევაშიც მოახდენდა, თუ მათ მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ.

კომენტარები