თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

კინოშთაბეჭდილებები თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალიდან

ნინა აგლაძე
0 კომენტარი

დაუფასებელ ღორზე, მცირეწლოვან ტერორისტზე, ნაცნობ მარტინ იდენზე, კოზა ნოსტრასა და გამარჯვებულზე, რომელიც დამარცხდა

თბილისის კინოფესტივალის ბოლო დღეების  განმავლობაში ვნახეთ მრავალი ფილმი, მოვუსმინეთ მრავალ ენას, თანაც, ამ ენების განსხვავებულ ვარიაციებს (მაგალითად: ბელგიურ ფრანგულს, კანადურ ფრანგულს, ფრანგულ ფრანგულს...), ვიმოგზაურეთ მრავალ დროსა და მრავალი ადგილას, გავიცანით ბევრი ადამიანი, რამდენიმეს ამბავი გულთან ახლოსაც მივიტანეთ.  სანამ ფესტივალს შევაჯამებდით, უნდა განვიხილოთ რამდენიმე კარგი ფილმი.

ფესტივალზე სურათი მაფიაზე, მარკო ბელოკიოს  „მოღალატე“ ვნახეთ - კოზა ნოსტრა, შურისძიება, ტოტო კუტუნიოს „Lasciatemi Cantare“ - რომელსაც, თურმე საქართველოს საზღვრებს გარეთაც უსმენენ - ამაყი სიცილიელი და მისი ოჯახი. ბელოკიოს შემოქმედება, უდავოდ მშვენიერი იყო. განსაკუთრებით ორ მომენტში: ერთხელ, როდესაც ვერტმფრენიდან, მაფიის წევრს, მის გამოსატეხად, მეორე ვერტმფრენიდან გადმოკიდებულ მისსავე ცოლს აჩვენებენ.  მეორედ - როცა უკვე ციხეში გამოკეტილი მაფიის წევრი საერთო საძინებელში, ოთახის ერთ მხარეს გარდაცვლილს საბანს გადააფარებს, სივრცის მეორე მხარეს გადმოვა და დაქირავებულ ქალთან ნაყიდი სიყვარულით დაკავდება. ამ ყოველივეს კი ერთმანეთისგან, ცენტრში მოქცეული დიდი ჯვარი და მის გარშემო დანთებული სანთლები ჰყოფს.

„მოღალატე“ ერთი ამაყი კაცის, რომელიც კოზა ნოსტრას დანაშაულს არ შეარჩენს და შურისსაძიებლად მის საიდუმლოებს გაყიდის, ამბავია. ამბავია იმაზე, როგორ ვერ ეგუება მაფიის დაღალატების შემდეგ მთავარი გმირი თანამედროვეობას,  როგორ ენანება და ენატრება წარსული. საბოლოოდ კი ცხოვრების ბოლო დღეებში, სავარძელში ზის, ვარსკვლავებს უყურებს და გვერდით იარაღი უდევს, რადგან კოზა ნოსტრასგან შურისძიებას ყოველ წამს ელოდება. კბილი კბილის წილ - ამ კანონით ცხოვრებას მიჩვეული ის საკუთარ აღსასრულს შეგუებულია.

ახალგაზრდა აჰმედი ფოტო: youtube

ცოტაოდენი დარდენების ბოლო ფილმზეც უნდა ითქვას. „ახალგაზრდა აჰმედი“ კარგად გვიხატავს იმ სიტუაციას, რომელშიც ტერორისტები იბადებიან. რაც მთავარია, ფილმმა გვაჩვენა, რომ ექსტრემისტებად არამხოლოდ ლტოლვილები, ან დევნილები ყალიბდებიან. ფილმი ცდილობს გვაჩვენოს, რომ შესაძლებელია, ევროპაში დაბადებული, გაზრდილი, ტრავმირებული (ამ შემნთხვევაში - მამაგარდაცვლილი) ადამიანი, რომლის ოჯახიც გათავისუფლებულია ტრადიციებისა და კულტურის უარყოფითი წნეხისგან, შხამიან გარემოში, მოძალადე მატყუარებთან მოხვედრის შემდეგ, ტერორისტად იქცეს.

მთავარი პერსონაჟი რელიგიური ექსტრემისტია, მომავალი მკვლელია, რომელიც მზად არის კეთილმოსურნე მასწავლებელი განსხვავებული აზრის გამო მოკლას. მას სიყვარულისაც ეშინია და გარშემომყოფთა თბილი დამოკიდებულებისაც, რადგან ეს ყოველივე, აჰმედის აზრით, მის ღმერთს შეურაცხყოფს. როგორც ბავშვებს სჯერათ დრაკონებისა და ზღაპრების, როგორც ბავშვებმა არ იციან რა არის სიკვდილი ან მკვლელობა, ისევე აჰმედს სწამს მისი სულიერი მასწავლებლის ტყუილის.

ფილმის ყურებისას მეტს ელოდები, დარდენებისგან მეტს ელოდები და  ცოდვების ბრუტალური გზებით, სისხლით გამოსყიდვას ელოდები ის კი გავიწყდება, რომ აჰმედი, უბრალოდ გზააბნეული პატარა ბიჭია. ბავშვია. ის უბრალოდ ბავშვია და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ახალგაზრდა აჰმედი ფოტო: Film School Rejects

მარტინ იდენი  ჯეკ ლონდონის ნაწარმოების არაჩვეულებრივი ეკრანიზაციაა. რეჟისორის მიერ ეპოქების აღრევა კი იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან საუკეთესოდ გადმოსცემს შინაარსს: მარტინ იდენისნაირი ადამიანები არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ და არც ერთ ეპოქაში მათი ადგილი არ იქნება.

ფოტო: slate

იდენი, ღარიბი მეზღვაურია, რომელსაც მდიდარი და განათლებული, თუმცა ყოვლად ცარიელი პიროვნება - ელენა შეუყვარდება. რეჟისორი ამ სიცარიელეზე მაშინ გვესაუბრება, როდესაც შეყვარებულები ერთმანეთს წერილებს წერენ. მომენტებში, რომლებშიც იდენის მონოლოგი ისმის, კადრში სულ მოძრაობას, თავგადასავალს, სიახლეს ვხედავთ. ელენას საუბრის დროს, მსახიობი უბრალოდ სხვადასხვა ფერის ფონზე დგას და თავისსავე წერილს კითხულობს.

ფოტო: slate

ფილმში შეუძლებელია არ დავინახოთ სოციალიზმისა და კაპიტალიზმის უარყოფითი მხარეები,  ორი საზოგადოების დაპირისპირება, რომლის წნეხშიც მოხვდება იდენი. სწორედ ამ ორი იდეოლოგიის ომი და ამაოების, მარტოობისთვის განწირულობის  და იმედგაცრუების გრძნობა პერსონაჟს საბოლოოდ გაანადგურებს.

ახლა, იმედგაცრუებაზე საუბრის დრო დადგა. 

წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  გამარჯვებული, ქართული ფილმი „ჩაისუნთქე - ამოისუნთქე“ გახდა. ჟიური, მხოლოდ უცხოელი წევრებისგან შედგებოდა და სავარაუდოდ, ფილმის გამარჯვების მიზეზად სწორედ ეს იქცა. ქართული მაყურებლისთვის, ჟურნალისტებისა და კინოკრიტიკოსების უდიდესი ნაწილისთვის ფილმის გამარჯვება მიუღებელი აღმოჩნდა, რაც დაჯილდოების ცერემონიაზე ხმამაღალმა ექსპრესიამაც დაადასტურა.

ფოტო: GNFC

ცინცაძის ფილმზე, ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ რეჟისორი საქართველოში არსებულ უამრავ პრობლემურ საკითხს (ქალთა უფლებებს, ნარკოტიკებს, ლგბტქ+ საზოგადოებას, სიღარიბეს) შეეხო. თუმცა, სწორედაც რომ მხოლოდ შეეხო და ამ პრობლემების ზედაპირზე იტივტივა. ამავდროულად, ფილმში მონაწილე მსახიობების თამაში, სივრცე, რომელიც საქართველოს რეალობისთვის ეგზოტიკური ელფერის შესაძენად შეიქმნა,  ისეთივე ხელოვნური იყო, როგორც სურათი მთლიანობაში.

არჩევანის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ჟიურის გადაწყვეტილება მიუღებელი იქნებოდა და, მითუმეტეს, მიუღებელია ამჯერად, როდესაც ფესტივალზე ორი ძალიან კარგი ქართული ფილმი, ახალგაზრდა რეჟისორების უტა ბერიას - „უარყოფითი რიცხვები“ და გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ იყო წარმოდგენილი. აქვე სათქმელია, რომ ბერიას ფილმი, ჟიურიმ აღნიშნა, მას  რამდენიმე ჯილდოც გადაეცა, ლიკლიკაძე კი ცალსახად დაიჩაგრა. ის დაჯილდოების ცერემონიაზე არც კი უხსენებიათ.

ფოტო: TIFF

„ღორი“ ყველა სხვა  ღირსებასთან ერთად ქართული მაყურებლისთვის შექმნილი ფილმია, ხოლო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ტოვებს შეგრძნებას,  რომ უცხოელი ჟიურის წევრების გულის მოსაგებად გადაიღეს. “ღორი” თამამი და გულწრფელი ფილმია, “ჩაისუნთქე - ამოისუნთქეს” , კი სიყალბის ელფერი დაჰკრავს. ამიტომაც, ჟიურის გადაწყვეტილება ფესტივალის საკმაოდ სევდიანი და გულდასაწყვეტი ფინალური აკორდი იყო. 

თანამედროვე ქართული კინო ისედაც იშვიათად გვანებივრებს კარგი ფილმებით და თუ  ერთერთ მთავარ ქართულ კინოფესტივალზე ეს ფილმები და მათი შემქმნელების შრომა არ დაფასდება, სრულიად შესაძლებელია, მალე, ჩვენმა კინოინდუსტრიამ ვეღარც ჩაისუნთქოს და ვეღარც ამოისუნთქოს.

ზოგადად კი, მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს კინომოყვარულებს სასიამოვნო ერთი კვირა მოგვიწყოს. იმედია, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მომავალ წელსაც ბევრ საინტერესო ამბავს, ახალ გამოცდილებას, გამოწვევას, ფილმს და თავგადასავალს შემოგვთავაზებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები