ქართული ოცნება

მდინარაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხუნდაძესთან, ყაველაშვილთან და სხვებთან შეთანხმება შედგება

ქართული ოცნება

პარლამენტის ვიცესპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმება "პრინციპის დონეზე" შედგა. მისი თქმით, ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, "არანაირ ქმედებას აღარ განახორციელებენ". 

"შეთანხმებაზე საბოლოოდ მაინც არ ვსაუბრობთ, გარკვეული ტექნიკური დეტალები დაგვრჩა შესაჯერებელი, თუმცა, პრინციპში, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება, რადგან პრინიციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო დეტალებსაც არ შევაჯერებთ, ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ.

საუბარია იმაზე, რომ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ, ამ შეთანხმების შემდეგ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ. ეს შეთანხმება იქნება ამის საფუძველი, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შეთანხმება შედგება, პრინციპის დონეზე შედგა, დეტალებია დასაზუსტებელი" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ პარტია შეთანხმების საგანს 2-3 დღეში გაასაჯაროებს.

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. ის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს და ამისთვის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა.

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ამ ახალი ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები