მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები

მდინარაძე მრავალმანდატიან ოლქებზე: დეტალიზაცია ვერ მოვასწარით, კვირის ბოლომდე ვიმსჯელებთ

0 კომენტარი
მამუკა მდინარაძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცესპიკერის მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის 9 დეკემბრის სხდომაზე მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე "ცოტა ზედაპირულად" ისაუბრეს. მდინარაძე ამბობს, რომ მცირე დროის გამო, "დეტალიზაცია" ვერ მოასწრეს. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ამ საკითხზე სამსჯელოდ რამდენიმე დღე სჭირდებათ.

"მცირე დრო გვქონდა უმრავლესობის სხდომის ბოლოს დარჩენილი საიმისოდ, რომ არ დაგიმალავთ, ცოტა ზედაპირულად განგვეხილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხი, თუმცა, დეტალიზაცია დღეს ვერ მოვასწარით, იყო ძალიან ზოგადი განხილვა, ჩვენ დაგვჭირდება რადენიმე დღე...

ჩვენ ცალსახად, [ოპოზიციასთან და დიპლომატებთან] პირველივე შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ ეს საკითხი, მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები, ცალსახად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ მიზანშეწონილობაზე უნდა ვისაუბროთ ამ შემოთავაზების შემდეგ. ეს შემოთავაზება მივიღეთ გუშინ, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში სავარაუდოდ ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად, უფრო მეტი დრო გვექნება და სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები იქნება ცნობილი" - ამბობს მდინარაძე.

8 დეკემბერს გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

ვრცლად ე.წ გერმანული მოდელის შესახებ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებია, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები