ვაჟა გაფრინდაშვილი

ციხელაშვილი გაფრინდაშვილზე: საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

"ჩვენ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და საუბედუროდ, მის გადაწყვეტილებებთან, რაზეც პასუხისმგებლობას, გასაგები მიზეზების გამო საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს. ამ მოცემულობის გამო, ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია რაიმე სახის პოლიტიკური სპეკულაცია და ქულების დაწერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან"- ამბობს ციხელაშვილი. 

ციხელაშვილის თქმით, პარტნიორებთან ერთად სრული ინტენსივობით, გააგრძელებენ ამ თემაზე მუშაობას. 

უკვე 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები