ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა — იმერული ხაჭაპურის ფასი 4.1 ლარია

flickr.com

თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-ის მიერ წარმოებულმა ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ინდექსი ნაციონალური კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ნოემბერში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა 4.1 ლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. წინა წლის ნოემბერთან შედარებით ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 12,6%-ით, დაახლოებით 45 თეთრით არის გაზრდილი. 

ოქტომბერთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადება 6%-ით არის გაძვირებული. თავის მხრივ, წინა მაქსიმუმი ინდექსმა სწორედ ოქტომბერში გაანახლა. მაშინ მაჩვენებელმა 3,9 ლარი შეადგინა. როგორც ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლის ამ დროს, ახალი რძის მიწოდება სეზონურობიდან გამომდინარე მცირდება, ხოლო მარხვის დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა - როგორც უშუალოდ რძეზე, ასევე, რძის პროდუქტებზეც. 

ამის მიუხედავად, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხაჭაპურის გაძვირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაუფასურება იყო. წლიურ მაჩვენებელში ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო უკლებლივ ყველა ინგრედიენტზე ფასები გაიზარდა. როგორც, ადგილობრივზე, ასევე, იმპორტირებულზეც. 

ფასების ზრდა წლიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ყველი — 18,6%;
  • რძე — 2,7%;
  • კარაქი — 1,3%;
  • ფქვილი — 8%;
  • კვერცხი — 3,4%.

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა. 

კომენტარები